თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ფოთის პორტში ორშაბათს ნატოს წევრი ქვეყნების ოთხი გემი შევიდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა საფლაგმანო ხომალდი HNLMS Evertsen (ნიდერლანდების სამეფო), TCG Yildirim (თურქეთის რესპუბლიკა), BGS DRAZKI (ბულგარეთი) და ROS Regele Ferdinand (რუმინეთი).
სტოლტენბერგმა ნატოში საქართველოს შესვლის თარიღი კვლავ არ დაასახელა >>
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) გემები და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ორი გემი - „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.
ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.
ექსპერტი საქართველოს პორტში ნატოს გემების შესვლის შესახებ
შავ ზღვაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემების გამოჩენის სამხედრო მნიშვნელობა ნულთან ახლოსაა, მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვლადისლავ შურიგინი.
„კომენტარი დიდი ვერაფერი იქნება, რადგან ისინი შავ ზღვაში რეგულარულად ჩნდებიან. ეს აბსოლუტურად რუტინული პროცედურაა. ამ ფაქტის სამხედრო მნიშვნელობა ნულთან ახლოსაა“, - განუცხადა შურიგინმა „Sputnik-საქართველოს“.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამაზე ყურადღების მიქცევა და ამისგან საინფორმაციო საბაბის გაკეთება არ ღირს.
მონტრეს 1936 წლის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, არა შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო გემებს შავი ზღვის აკვატორიაში ყოფნა მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ.