თბილისი, 31 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუზანა ჩაპუტოვას სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მიულოცა.
ადვოკატმა და სამოქალაქო აქტივისტმა ზუზანა ჩაპუტოვამ სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 58,4% დააგროვა და არჩევნები მოიგო. მისმა მეტოქემ, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მაროშ შეფჩოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 41,6% მიიღო.
„ვულოცავ ზუზანა ჩაპუტოვას სლოვაკეთის პრეზიდენტად არჩევას. წარმატებას ვუსურვებ და ველოდები საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის უფლებამოსილებას ჩაპუტოვა 15 ივნისს შეუდგება, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ანდრეი კისკას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.