საქართველო ევროკავშირის იუსტიციის სისტემას შეუერთდება

საქართველო ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის Eurojust-ის რესურსებთან წვდომას მიიღებს
Sputnik

თბილისი, 30 მარტი - Sputnik. საქართველო ევროკავშირის იუსტიციის სისტემას უერთდება - შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და Eurojust-ის პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ევროპის საპოლიციო გაერთიანებაში მეკავშირე ოფიცერი ჰყავს >>

საქართველოს და Eurojust-ის ხელშეკრულება გულისხმობს უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლას, მეკავშირე პროკურორების ან მეკავშირე მაგისტრატების დანიშვნას.

Eurojust-ი ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2002 წელს შეიქმნა. მის ამოცანას წარმოადგენს ეფექტური ბრძოლა მძიმე დანაშაულთან ევროკავშირის ფარგლებში უფრო მჭიდრო სამართლებრივი თანამშრომლობის გზით.

„საქართველო უერთდება Eurojust-ის იმ დიდ ოჯახს, რომელიც ერთობლივად ევროპის ფორმატში ახორციელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს გააჩნია ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორეს მხრივ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია, როგორც, რეგიონალური კუთხით, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

საქართველოს Eurojust-ში საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება.

ამანათი აშშ-დან: „საქართველოს ფოსტით“ იარაღის ნაწილები გადმოაგზავნეს

„ჩვენ ეს ხელმოწერა გვჭირდება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად. ეს გაგვაძლიერებს გამოძიებისა და მართლმსაჯულების თვალსაზრისით, რათა იმ მოქალაქეებმა, რომლებიც შენგენის ზონაში მხოლოდ დანაშაულის ჩასადენად ჩადიან, ვერ დააყენონ საფრთხის ქვეშ ჩვენი წარმატება უვიზო რეჟიმის მიღების კუთხით და ის კანონმორჩილი მოქალაქეები, რომლებიც ამ სიკეთით კეთილსინდისიერად სარგებლობენ. ეს ხელმოწერა ასევე შესაძლებლობას გვაძლევს ეფექტურად შევებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს“, - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე Eurojust-თან მოლაპარაკებებს 2018 წლის იანვრიდან ახორციელებდა. ევროპარლამენტმა 5 მარტს საქართველოს და Eurojust-ის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას მხარი დაუჭირა.

საფრანგეთში ოთხი „ქართველი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს >>

Eurojust-ში 27 ეროვნული წარმომადგენელი შედის: თითოეული მონაწილე სახელმწიფო ნიშნავს თავის მოსამართლეს, პროკურორს ან პოლიციურ ჩინოვნიკს. Eurojust-ის ამოცანები შესრულდება ერთი ან რამდენიმე ეროვნული წარმომადგენლის მუშაობის გზით ან კოლეგიის ფარგლებში. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ეროვნული კორესპონდენტი, რომელიც ევროპის სასამართლო ქსელში შუამავლის როლს ასრულებს.