თბილისელებმა ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ირანის ელჩს თბილისში ირანელი მომღერლის საქციელით გამოწვეული უკმაყოფილება გაუზიარეს
Sputnik

თბილისი, 29 მარტი - Sputnik. თბილისში გამართულ კონცერტზე ირანელი რეპერის ამირ თათალოს საქციელის გასაპროტესტებლად ირანის საელჩოსთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა.

აქციის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო. მან შეკრებილებს დეტალურად უამბო, თუ როგორ იქცეოდა და რას ეუბნებოდა ფილარმონიის სცენიდან თათალო ირანული დიასპორის წარმომადგენლებს. ლორთქიფანიძის თქმით, თათალო უცენზურო ლექსიკას იყენებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ქართველებს.

„რეპერის პროვოკაციულმა ქცევამ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ქართული საზოგადოება შეურაცხყო“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

აქციის მონაწილეები უკვე შეხვდნენ ირანის ელჩს და თავიანთი პრეტენზიები გააცნეს.

„ჩვენ მოვითხოვეთ მისი დეპორტაცია და ქართველებისთვის ბოდიშის მოხდა. თუ ის თავად არ გააკეთებს ამას, მაშინ ელჩმა გააკეთოს“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

საქართველო გაზის ტრანზიტის თაობაზე ირანში მრავალმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

შექმნილ ვითარებაზე კომენტარი ირანის ელჩმა სეიდ ჯავადიმ გააკეთა.

„ჩვენ არ ვიცით, ვინ შეუწყო ემირ თათალოს ჩამოსვლას ხელი და ვინ იყო ორგანიზატორი. ჩვენთვისაც ბევრი არაფერია მასზე ცნობილი. ეს პიროვნება არის კანონდამრღვევი ირანშიც. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ემირ თათალო გაქცეულია ირანიდან, შემდეგ ჩავიდა თურქეთში და იქიდანაც გააძევეს. როგორ მოხვდა საქართველოში, ეს უნდა ჰკითხოთ ადგილობრივ ხელისუფლებას“, - აღნიშნა ჯავადიმ პირველი არხის ეთერში.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ირანელების კეთილგანწყობას ქართველებისადმი.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანელ ხალხს უყვარს ქართველი ხალხი. ისტორიულად ბევრი გვაქვს საერთო. არცერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს, საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ჯავადიმ.

ელჩმა აქვე სინანულით დასძინა, რომ საქართველოსა და ირანს შორის მჭიდრო სამართლებრივი კავშირები არ არსებობს.

საქართველომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი დაახლოებით 3,3 ათას უცხოელს უთხრა>>

„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ სამმხრივი შეთანხმება, მაგრამ ვერ მოხერხდა. როდესაც სამართლებრივ სფეროში ვითანამშრომლებთ, მსგავსი ფაქტებისგან დაცული ვიქნებით“, – განაცხადა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.