თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში მდებარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.