თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში კამელიების საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა, ინფორმაციას ბათუმის ბოტანიუკური ბაღი ავრცელებს.
კამელიების რიგით მეხუთე გამოფენა 27 მარტს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებულ საუკუნოვან იაპონურ ბაღში გაიხსნა.
ბაღში მისულ სტუმრებს იაპონური კამელიების 78 ჯიშის და ბოტანიკურ ბაღში ახლად მიღებული 30-მდე ჰიბრიდული ფორმის ნახვის საშუალება ჰქონდათ. კამელიების გამოფენას იაპონელი გეიშების ცეკვაც მიეძღვნა.
ბოტანიკურ ბაღში კამელიების სელექციაზე სპეციალისტები, წლების მანძილზე მუშაობდნენ. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იაპონურის გარდა, მთის, ზეთის და ბადისებური კამელიების ნახვის შესაძლებლობაც იყო. ყველა ეს სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.
კამელიების ცალკეული სახეობა ყვავილობას სექტემბერში იწყებს. ბათუმის ბოტანიკური ბაღი 2016 წლიდან კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.
კამელია — მარადმწვანე ხეებისა და ბუჩქების გვარი ჩაისებრთა ოჯახისაა. მისი 80-ზე მეტი სახეობა აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებშია გავრცელებული. იაპონური კამელია და მისი ჰიბრიდული ფორმები მოჰყავთ ოთახებსა და ორანჟერეებში.
კამელიების მოშენების კულტურა იაპონიაში საუკუნეებს ითვლის. მთელი ისტორიის განმავლობაში კამელიები კულტურულ და ღვთაებრივ სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მაგალითად, კამელია ცუბაკი მზის ქალღმერთ ამატერასუს ერთ-ერთი სიმბოლოა, ხოლო ქრისტიანობის აკრძალვის პერიოდში იაპონიაში იგივე ყვავილი იქცა იესო ქრისტეს სიმბოლოდ კათოლიკე იაპონელებისთვის, რომლებსაც ჯვრის ტარება აეკრძალათ.