ინგა ახვერდოვა - თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, გაიღვიძა და მოულოდნელად დაიწყო ხატვა... უკვე 150-მდე ნახატის ავტორია და პერსონალური გამოფენაც ჰქონდა. ამასთან „არტ გილდიის“ წვერი გახლავთ. მანამდე ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლებოდა. არის სტილისტი და საკუთარი სალონიც აქვს. ჩვენ დავუკავშირდით მას, რათა მისი უცნაური ამბავი მოეთხრო...
- ქალბატონო ინგა, მოგვიყევით როგორ დაიწყეთ ხატვა?
- ეს იყო 2014 წლის 28 აპრილს, დილით უცებ გავიღვიძე და ღმერთისგან ასეთი საჩუქარი მივიღე - ხატვა დავიწყე. მანამდე ცხოვრებაში არაფერი დამიხატავს. სკოლაში ჩემს მაგივრად დედა ხატავდა.
- ასეთი რა დაგესიზმრათ?
- არაფერი დამსიზმრებია, თვითონ არ ვიცი რა მოხდა. ფაქტია, რომ იმ დღის მერე სულ ვხატავ.
- როგორც ფსიქოლოგი ამ ფაქტს როგორ ხსნით?
- მანამდე რაღაც სანერვიულო შემხვდა და ისე განვიცადე, რომ სპაზმები მქონდა და სუნთქვის პრობლემაც იყო...
- და მერე, სუნთქვას ხელოვნებაც „ამოაყოლეთ“?
- თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა მასე გამოვიდა... ხატვა რომ დავიწყე, ნელ-ნელა სუნთქვაც გაუმჯობესდა. ახლა სულ ვხატავ. მხოლოდ ხუთი დღე მახსოვს, რომ ვერ დავხატე, ისიც იმიტომ, რომ თბილისში არ ვიყავი. როცა ჩამოვედი ისევ დავიწყე და ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. თავიდან ეს ჩემთვის გაუცნობიერებელი არტ-თერაპია იყო. მაგ დროს ვსწავლობდი სოფო ვერულაშვილის გეშტალტის ინსტიტუტში, მერე ორი წელი აკადემიური ავიღე. მომავალში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. რადგან თან ვხატავ, თან ვმუშაობ და სწავლისთვის დრო აღარ მრჩებოდა.
- სალონშიც აგრძელებთ მუშაობას?
- დიახ, როგორც ხატვამდე მყავდა ბევრი ხალხი, ისევ ვმუშაობ. შესაძლოა, ვინმემ უცნაურობად ისიც ჩამითვალოს, ყველას არ ვიღებ. მხოლოდ მათ ვალამაზებ, ვინც მომწონს. მარტო ვიზუალურ მოწონებას არ ვგულისხმობ, ადამიანი საინტერესო მოსაუბრეც უნდა იყოს.
- ალბათ გემახსოვრებათ პირველი რა დახატეთ...
- რა თქმა უნდა მახსოვს, რა დავხატე და შემოდგომა. ის ნახატი უკვე გაყიდულია. დღეს ზეთში და აკრილში ვხატავ. დაახლოებით 150-მდე ნახატი მექნება, მეტი თუ არა და 40-მდე უკვე გაყიდულია.
- პერსონალური გამოფენაც გქონიათ უკვე...
-ჩემი ნახატების პირველი გამოფენა მხატვარმა გოგი ჩაგელიშვილმა და მისმა მეუღლემ, ლეილა კიკნაძემ გამართეს. ის საგამოფენო დარბაზ „სფუმატოში“ იყო. ახლა მეორე გამოფენისთვის ვემზადები და თან კატალოგისთვისაც ვამზადებ ტექსტებს, რომელიც უკვე ნათარგმნი მაქვს. აგვისტოში იტალიაში პლენერია დაგეგმილი და ათი დღით ვენეციაში მივემგზავრები. მოწვევა უკვე გამომიგზავნეს. „არტ-გილდიის“ წევრი ვარ და თუკი რამე საინტერესო ხდება ხოლმე მატყობინებენ.
- თუ შეგცვალათ ხატვამ და რაიმეში თუ გამოხატა ეს?
- ეს ცვლილება ვიზუალურად ნაკლებად ჩანს, უფრო შინაგანად შევიცვალე, შეხედულებები და ფასეულობები შემეცვალა. ცხოვრებას სხვა თვალით ვუყურებ. ეს დამახასიათებელია ხელოვნებისთვის - მან მე ცხოვრებით ტკბობა მასწავლა...