თბილისის ახალ ზოოპარკში ოთხი ჯიხვი ჩამოიყვანეს

დღესდღეობით ჯიხვის ორივე სახეობა, განსაკუთრებით კი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, საკმაოდ მცირერიცხოვანია.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. თბილისის ახალ ზოოპარკში დასავლეთ კავკასიური ჯიხვები ჩამოიყვანეს, აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ორი ჯიხვი საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს, ორიც – ჩეხეთიდან.

თბილისის ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები>>

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც - ჩეხეთიდან. იმიტომ რომ ისტორიულად კავკასიონზე გავრცელებული სახეობა საქართველოში თითქმის აღარ დარჩა", – აღნიშნულია ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ადმინისტრაციის ცნობით, იწყება ჯიხვების კონსერვაციის პროექტი, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და, აი, ამ ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს", – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია.

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა

თბილისის ზოოპარკი საქართველოში გადაშენების პირას მყოფი სახეობების – კეთილშობილი ირმის, ნიამორისა და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ზოოპარკში რეაბილიტაციას გადიან დაობლებული ბელებიც.

აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობებია. დღესდღეობით ჯიხვის ორივე სახეობა, განსაკუთრებით კი დასავლეთ კავკასიური ჯიხვი, საკმაოდ მცირერიცხოვანია. მათი შემცირების ერთადერთი მიზეზი ბრაკონიერობაა.

ყუბანური, ანუ დასავლეთკავკასიური ჯიხვი გავრცელებულია კავკასიონის მთავარი ქედის დასავლეთ ნაწილში. ის აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვთან შედარებით უფრო მომცრო ტანისაა. მისი რქების ფორმაც განსხვავებულია – რქები ზევით მიემართება და შემდეგ იხრება.