პოლიციამ მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი დააკავა

ბრალდებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ბრალდებით მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე: ნუ აიღებთ ქრთამს, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, მოგვმართოს

მარნეულის საკრებულოს  თანამშრომელს გამოძიება 3 ათასი ლარის ქრთამის სახით აღებას ედავება.

უწყების ცნობით, რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს, 3 ათასი ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. მოქალაქეს აღნიშნული თანხის ნახევარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა.

საკრებულოს თანამშრომელი მოქალაქეს 7 მარტს მარნეულში შეხვდა.

„შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.