სკანდალი თბილისის ფილარმონიასთან დაკავშირებით მწვავდება

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ფილარმონიის შენობის გადაცემას ითხოვს.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) გადაცემის შესახებ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის თხოვნასთან დაკავშირებულ სკანდალს კომენტარით გამოეხმაურა კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

გიორგაძის განცხადებით, სიმფონიური ორკესტრისთვის ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად 250 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი, მაგრამ, მისი თქმით, ორკესტრის ხელმძღვანელი ახალი პროექტის შექმნას უკვე მესამე წელია ვერ ახერხებს.

„2019-2021 წლებში ორკესტრის შენობისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ თუ პროექტი არ არსებობს, სამუშაოები ვერ დაიწყება. ვიდრე ეს სამუშაოები დასრულდებოდა, სამინისტრომ დამატებით 150 000 ლარი გამოუყო, რათა კონცერტების გამართვის საშუალება ჰქონოდათ. ფილარმონიასთან დაკავშირებულ საკითხს კი სხვა საჯარო უწყებები განაგებენ და, შესაბამისად, მე ვერ გაგცემთ პასუხს. ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია – 15 მილიონი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევრომდე მოითხოვა, რაც სრულიად არაადეკვატურია", – აღნიშნა გიორგაძემ.

ნიკოლოზ რაჭველი გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა

მინისტრის მოადგილე პირადად ორკესტრის ხელმძღვანელის პიროვნებასაც შეეხო.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნიკა რაჭველს აწყობს იყოს დაჩაგრულის მანტიის ქვეშ, რათა ისპეკულიროს ყველა დონეზე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის გარეთაც", – განაცხადა გიორგაძემ.

ამასთან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება, მიხეილ გიორგაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ვითარება არ მოგვარდება, რაჭველის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი დადგეს.

გიორგაძის კომენტარს, თავის მხრივ, ნიკოლოზ რაჭველმა უპასუხა. ორკესტრის ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის სახელმწიფოს მილიონებს სთხოვს. გარდა ამისა, ორკესტრის მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ აზრი არა აქვს მილიონების დახარჯვას ახალი შენობის მშენებლობისთვის მაშინ, როცა თბილისში დგას საკონცერტო დარბაზი. ამიტომ მათ ახალი იდეით თავდაპირველად გიორგაძეს მიმართეს, შემდეგ ფილარმონიის მმართველებს, ხოლო შემდეგ – მთავრობას.

„ჩვენს არქივებში არსებულ ყველა მიმოწერას ლაიტმოტივად გასდევდა სწორედ ერთი მთავარი თემა: მაშინ, როდესაც არსებობს სახელმწიფო ფილარმონია (წელიწადში თითქმის 300 დღე რომ დაკეტილია), რომელსაც სჭირდება კონცერტები და არსებობს აგრეთვე სახელმწიფო ორკესტრი, რომელსაც სჭირდება დარბაზი, რატომ უნდა დაიხარჯოს თუნდაც ცხრა ან თხუთმეტი მილიონი ლარი ახალი და უხარისხო საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად. ამ იდეისგან ფილარმონიის მმართველებმა თავი შეიკავეს, მიხეილ გიორგაძემ ამ იდეის დავიწყება მთხოვა და კვლავ მოთმინებით დალოდების რეჟიმში გადავინაცვლეთ, რადგან ვიცოდით, რომ სახელმწიფო ოდესღაც მიიღებდა ღირსეულ და სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას", – წერს რაჭველი Facebook-ის დღევანდელ პოსტში.

ამასთან, მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ზუსტად გაიზიარა ჩემი ხედვა ჩვენს ქალაქში ნამდვილი ფილარმონიული ცხოვრების აღდგენის შესახებ".

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს უძრავი ქონების სააგენტომ, სახელმწიფოს წინაშე რვა წლის განმავლობაში დაგროვებული დავალიანებისა და დარღვევების გამო, კონტრაქტი შეწყვიტა ამ დროისთვის ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინტერნეიშნლ ივენთსთან", და დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა მართოს ფილარმონია.

წერილში სიმფონიური ორკესტრი მოითხოვს, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ საკონცერტო დარბაზის ორკესტრისთვის გადაცემის საკითხი.

წერილში აღნიშნულია, რომ ორკესტრი ითხოვს – ასწლიანი ისტორიის მქონე კოლექტივს დაუბრუნდეს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის ალექსი მაჭავარიანის დიდი ძალისხმევით აშენდა სწორედ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის.