სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

მაღაზიებში ან დაწესებულებაში შესვლამდე ჩვენ ყურადღებას, პირველ რიგში, ლამაზად გაფორმებული ვიტრინა ან უჩვეულოდ მოხატული შენობის ფასადი იქცევს. ამაზე კი პროფესიონალები ზრუნავენ.
Sputnik

მხატვარი, სცენოგრაფი, ილუსტრატორი თათია ასკილაშვილი ერთი მათგანია. მის პორტფოლიოში უფრო სერიოზული ნამუშევრებიცაა. თეატრებში „გლობუსი" და „თავისუფალი თეატრი" არაერთი სპექტაკლის მხატვარ–სცენოგრაფი გახლდათ, არის სხვადასხვა მხატვრული ტექსტების ილუსტრაციების ავტორი, რომელთა შორისაა ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრები" და სასწავლო-შემეცნებითი მეთოდური ლიტერატურა „დედის სკოლა“. ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში. ჰქონდა პერსონალური გამოფენა, ამასთან პედაგოგიცაა – ბავშვებს ხატვას ასწავლის.

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– თათია, როდიდან დაიწყეთ ხატვა და გახდა თუ არა გადამწყვეტი გენეტიკური ფაქტორი?

– რა დღიდანაც შევიმეცნე გარემო და ყველაფერს დავუწყე დაკვირვებული თვალით ცქერა, იმ დღიდან ვხატავ. ჩემ შემთხვევაში გენეტიკა მართლაც გადამწყვეტია, რადგან მხატვრების გარემოცვაში გავიზარდე. ფერადი და ხალისიანი ბავშვობა ხატვამ უფრო გამილამაზა. პირველი ნაბიჯები პროფესიულ საქმიანობაში ჯერ კიდევ სკოლაში გადავდგი. არასოდეს დამავიწყდება ჩემი დიდი პაპის, პირველი აკადემიელის (1932-38 წწ), ფერმწერის დავით ბალარჯიშვილის მიერ ჩემი ნახატების შეფასება, რომელმაც გარდამტეხი მნიშვნელობა იქონია პროფესიის არჩევაში.

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– როდის გიჩნდებათ ხატვის სურვილი, რას უფრო მოაქვს განწყობა – სიხარულს თუ წყენას?

– რა თქმა უნდა, ყველა საქმის კარგად და ხარისხიანად კეთებას განწყობა სჭირდება, ასევეა ხატვაც. ჩემ შემთხევაში ამაღლებული განწყობა განპირობებულია მზიანი ამინდით, დილის სიმშვიდით და, თუნდაც, ფინჯანი ყავით. გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს შეიძლება იყოს სახლი, ქუჩა, ეზო. როდესაც ადამიანებს ვხატავ, მათ სულიერ მდგომარეობას ვუსვამ ხაზს...

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– თბილისში ბევრგანაა თქვენი მოხატული ფასადები თუ ვიტრინები...

– ქალაქში შენობების ინტერიერსა და ექსტერიერს ხშირად ვაფორმებ. მიხარია, როცა ქუჩაში გავლისას ჩემი ხელით გალამაზებულ ვიტრაჟებსა თუ კედლებს ვხედავ. თბილისში გავაფორმე და მოვხატე GPC-ს სააფთიაქო ქსელის, L'Arome Boutique საპარფიუმერო ქსელის, ბავშვთა მაღაზია PRENATAL-ის ვიტრაჟები. დეკორაციებით გავაფორმე მაღაზია Love Dance, ასევე საბავშვო ბაღების, კერძო სახლებისა და ქალაქის სხვადასხვა უბნების კედლები.

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– რამდენად რთულია სპექტაკლის მხატვრობა?

– თეატრში მუშაობა საინტერესო და განსხვავებულია, რადგან სპექტაკლის გაფორმება, გმირების კოსტიუმების ხატვა შრომასთან ერთად პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. აქ უნდა გაითვალისწინო ბევრი რამ: მოქმედების გარემო, განათება, პერსონაჟთა ხასიათის თავისებურებები, რეჟისორის დაკვეთა და სხვ. ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრები იყო თეატრებში „მეორე სახლი" და „გლობუსი", იქ მუშაობა ძალიან თბილად მახსენდება.

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– თეატრალიზებული სამოდელო ჩვენებაც გაქვთ მოწყობილი...

– როცა თეატრალიზებულ სამოდელო საქმეზე მუშაობ, უნდა გაითვალისწინო ის, რომ რასაც ქმნი, თემასა და ეპოქასთან იყოს შეხამებული. იმ წარმოდგენის თემა იყო მსოფლიო ხალხთა ნაციონალური სამოსი და ტრადიციები. ბუნებრივია, აქცენტი სამოსსა და მის ელემენტებზე კეთდებოდა, ასევე ვაქცევდი ყურადღებას მოდელის კონსტრუქციასაც.

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– გაიხსენეთ ამბავი, რომელმაც თქვენში გარდატეხა შეიტანა ან შეცვალა თქვენი პრიორიტეტები...

– რა მახსენდება, იცით? სტუდენტობის დროს, როცა ჯერ კიდევ არჩევისა და გარკვევის პროცესში ვიყავი, ვხატავდი ყველაფერს, ყველგან და ყველაფრით. ერთხელ, როცა თეატრის დიდ კედელზე ვმუშაობდი, ხარაჩოზე მდგარმა ფუნჯის ერთი მოსმის დროს უეცრად აღმოვაჩინე, რომ თურმე დიდი სივრცე და სირთულეების დაძლევის სურვილი მხიბლავს. იმ დღიდან შევიცვალე პროფილი და სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" გადავინაცვლე. ეს იყო ჩემთვის საკუთარ თავში ყველაზე უჩვეულო აღმოჩენა. იმ დღიდან ჩემი პროფესიული „სამზარეულო" გახდა კედელი, მინა, დიდი მუყაო, ფუნჯები და ფერები...

სამოდელო ხატვიდან „დიდ ავიაციაში" – მოხატული კედლები და ვიტრაჟები ქალაქში

– დღეს ხელოვნებით მკურნალობაზე ბევრს საუბრობენ...

– ხატვა რეალურად ამშვიდებს აფორიაქებული ადამიანის სულიერ მდგომარეობას, ზოგადად ხვეწს მის გემოვნებას. მახარებს, რომ ჩემი ნახატები ხშირად სხვების შემოქმედების წყაროც გამხდარა, მათთვის მისაბაძი გავმხდარვარ და იმის სურვილი გასჩენიათ, რომ ჩემსავით იატაკზე დამჯდარს ეხატათ. სიამოვნებას მანიჭებს ხატვით დაინტერესებულ ადამიანებთან ურთიერთობა, სურვილის შემთხვევაში მათთან ხალისით ვმუშაობ. ხატვა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა, იმპულსია, ელექსირი, რომელიც მაძლევს სტიმულს, ძალასა და მომავლის იმედს...