ბიზნესწილებს „კანონიერი ქურდები" ანაწილებენ: დაკავებულია სამი პირი

კერძო კომპანიის მეწილემ თავისივე ბიზნეს-პარტნიორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით დახმარებისთვის ორ ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის მიმართვის“ ბრალდებით სამი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში „ქურდულ შეკრებაში" მონაწილე ხუთი პირი დააკავეს>>>

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 მარტს საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. ისინი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნეს-პარტნიორთან – ამ კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით დახმარებისთვის ორ ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

ევროპაში ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ათეულობით მოქალაქე დააკავეს

„აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნეს-პარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის" ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის") წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბიზნეს-პარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა ზაალ მახარობლიძესთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ე.წ. კანონიერმა ქურდმა მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, „ქურდული წესებით" ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი – АК-74-ის მოდელის ავტომატი და „არალის" მოდელის პისტოლეტი, 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და „კანონიერი ქურდისადმი მიმართვის“ ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველომ ქურდული სამყაროს 200-მდე წევრი დააკავა>>>

„ქურდულ სამყაროსა" და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით 2018 წლის აპრილიდან სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

გახშირებული ქურდობის ფაქტები: ნათია მეზვრიშვილმა მიზეზები დაასახელა

კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა" და „ქურდული სამყაროს წევრობასთან" ერთად სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".

უწყების ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა ხუთი ე.წ. „კანონიერი ქურდი", დაკავებულია „ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს" წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის – 32 პირი.

ასევე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი".