არსებობს თუ არა 2020 წელს ხელისუფლების გადაბარების გეგმა?

სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და ხელისუფლებასთან დაახლოებული „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საზოგადოებას 2020 წლისთვის ხელისუფლების სავარაუდო გადაბარების შესახებ აფრთხილებს.
Sputnik

მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს სისტემატურად სტუმრობენ ამერიკელები, და მათ შორის ისეთმა გავლენიანმა, როგორიც ნატოში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი კურტ ვოლკერია, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სქემა ჩამოიტანა. ბრეგაძის ვერსიით, ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს ფინანსური ნაკადების დაცვას და ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევენ, სამაგიეროდ მან ხელი უნდა შეუწყოს 2020-ში ხელისუფლების „ევროპელი დემოკრატებისთვის“ გადაბარებას. ამ სქემაში საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი გიგა ბოკერიას ნაცვლად ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად გიგი წერეთელი მოიაზრება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ – დავით ბაქრაძე.

ბრეგაძე იხსენებს, რომ სწორედ ასეთ ხავერდოვან ცვლილებებს სთავაზობდნენ ამერიკელები თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეს, რომელიც არ დათანხმდა და სწორედ ამის შემდეგ შედგა ვარდების რევოლუცია უფრო რადიკალური ცვლილებებით.

საინტერესოა, რამდენად რეალურია, არსებობდეს ასეთი შეთავაზება და რას აპირებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

გავლენის სფეროების დათმობა რომ რთულია, ამას საქართველოს უახლესი ისტორიაც აჩვენებს, რომელიც ძალაუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მაგალითებითაა სავსე. ზოგადად რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ამ ბოლო ხანებში ინტერესი გაზრდილია, ფაქტია, და ამას გახშირებული ვიზიტებიც ადასტურებს. ფაქტია ისიც, რომ დასავლური ორგანიზაციების მხრიდან მომრავლდა კრიტიკული შენიშვნები მოქმედი ხელისუფლების მიმართ. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ივანიშვილს წითელ ბარათს უჩვენებს. თუმცა მამუკა ხაზარაძის, „თი-ბი-სი ბანკისა“ და ანაკლიის თემამ სერიოზულად დააზარალა მოქმედი ხელისუფლება. მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდში არც 2020 წლის არჩევნების დათმობას აპირებს ვინმე და არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. ამას ანალიტიკოსებიც აღნიშნავენ.

ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი

თუ ოპოზიციის სტრატეგია მაქსიმალურად დიდი ფორმატის გაერთიანების შექმნაა, რაც აუცილებელია ხოლმე გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლება ეცდება, თავისი ოფიციალური თუ სატელიტი პარტიები დამოუკიდებლად დააფინანსოს და ისე შეიყვანოს პარლამენტში. სწორედ ასეთ პარტიად განიხილავენ ეკა ბესელიას მიერ დაანონსებულ სამომავლო გაერთიანებას, ისევე, როგორც რამდენიმე პარტიას, რომელიც დღეს გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს. რადგან 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი საკმაოდ დაბალია – ერთჯერადად 3 პროცენტი და ამავე დროს შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, ხელისუფლებას სწორედ ამ დათმობაზე წასვლა შეუძლია: შეიყვანის პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა და შეიქმნას ახალი რეალობა – მოხდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება. ეს საკმაოდ კარგ დემოკრატიულ ფასადს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“.  

2020 წლის არჩევნები, სავარაუდოდ, ისევ ივანიშვილი–სააკაშვილისა და „ქართული ოცნება“–„ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირების ფონზე წარიმართება, რადგან ასე სანატრელი მესამე გზა და მესამე ძალა ჯერჯერობით არსად ჩანს და არც იმისი ნიშნებია, რომ არჩევნებამდე შეიქმნება. უფრო სავარაუდოა, რომ პროდასავლურმა ძალებმა ერთი დიდი კოალიცია შექმნან, მაგრამ რა მხარდაჭერას და დაფინანსებას მოიპოვებენ ისინი, ჯერ კიდევ გასარკვევია. დაპირისპირება კი საკმაოდ მძაფრი იქნება. თუმცა მთავარი მაინც ისაა, ვინ შესთავაზებს საქართველოს მოსახლეობას იმ მწვავე ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას, რაც ასე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართულ ოჯახებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!