მსოფლიო დღეს

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2019: კანდიდატების რეიტინგი, არჩევნების თარიღი

ერთ კვირაში უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა გაირკვევა
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები დასასრულს უახლოვდება - 31 მარტს ქვეყნის მოქალაქეები სახელმწიფოს ახალ მეთაურს აირჩევენ, იუწყება РИА Новости.

ამ არჩევნებში კანდიდატთა რეკორდული რაოდენობა - 39 ადამიანი მონაწილეობს. თუმცა მთავარი ბრძოლა სამ პრეტენდენტს შორის მიმდინარეობს: მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, შოუმენ ვლადიმერ ზელენსკისა და ოპოზიციური პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს შორის.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას პარტნიორობის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ არჩევნების ნებისმიერ შედეგს აღიარებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, მაგრამ უმთავრესად არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებას მიიჩნევს.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 საერთაშორისო ორგანიზაციიდან და 16 უცხო სახელმწიფოდან 1955 ოფიციალური დამკვირვებელი დაარეგისტრირა. რუსეთს ამ არჩევნებზე დამკვირვებლები არ გაუგზავნია.

რეიტინგი

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 14-22 მარტს ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი. მას მოსდევს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, მესამე ადგილზე კი იულია ტიმოშენკოა.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა რეიტინგი:

კანდიდატი                           რეიტინგი

ვლადიმერ ზელენსკი32,1%
პეტრო პოროშენკო 17,1%
იულია ტიმოშენკო12,5%
იური ბოიკო10,4%
ანატოლი გრიცენკო6,9%
ალექსანდრ ვილკული  5,7%
ოლეგ ლიაშკო5,2%
იგორ სმეშკო4,4%
რუსლან კოშულინსკი1,2%
სერგეი ტარუტა1,2%

გარდა ამისა, გამოკითხვისას მეორე ტურის ჩატარების ალბათობაც გაითვალისწინეს. კვლევის თანახმად, თუ მეორე ტურში გადავა ზელენსკი, ის დაამარცხებს კონკურენტ კანდიდატს - პოროშენკოს, ტიმოშენკოს ან გრიცენკოს.

მეორე ტურში ტიმოშენკო-პოროშენკოს ან ტიმოშენკო-ბოიკოს წყვილის გასვლის შემთხვევაში, უპირატესობას მოიპოვებს ტიმოშენკო, გრიცენკო უპირატესობას მოიპოვებს ტიმოშენკოსა და პოროშენკოსთან ორთაბრძოლაში, ბოიკო კი - პოროშენკოსთან ორთაბრძოლაში.

მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 21 აპრილს გაიმართება.