ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ალბომი ფრანგული ჩარტის სათავეში მოექცა

ქართველმა პიანისტმა პირველად ჩაწერა სტუდიაში გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ნაწარმოებები
Sputnik

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის ალბომი სახელწოდებით Schubert ფრანგული კლასიკური მუსიკის ჩარტის სათავეში მოექცა.

ამის შესახებ პიანისტმა თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაწერა.

„შუბერტი - საფრანგეთის კლასიკური ჩარტის პირველ პოზიციაზეა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, რომელიც პირდაპირ ჩემი გულისკენ მოდის. მადლობა საფრანგეთს“, - წერს ხატია.

ალბომი „შუბერტი“ - არის პირველი სტუდიური ჩანაწერი ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული გამოჩენილი ავსტრიელი კომპოზიტორის, ფრანც შუბერტის ნაწარმოებებისა. Sony Classical ლეიბლზე ჩაწერილი ფირფიტის მოსმენა და შეძენა შესაძლებელია აქ.

უკვე ათი წელია, ხატია ბუნიათიშვილი კონცერტებს მართავს ევროპაში, რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ისრაელსა და აშშ-ში. ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა უფროს დასთან, გვანცასთან ერთად სამი წლის ასაკიდან დაიწყო. დაკვრას მათ დედა ასწავლიდა. პირველი კონცერტი თბილისში კამერულ ორკესტრთან ერთად ექვსი წლის ასაკში გამართა.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს, ხატიამ კიევში ვლადიმერ ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა. პირველი პრიზი აქვს მიღებული ასევე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების მხარდამჭერ კონკურსზე, რომლის დამფუძნებელია რუსი და ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია. ბუნიათიშვილი არის ასევე Borletti-Buitoni Trust Award (2010) პრემიის ლაურეატი და Echo Klassik Awards-ში (2012) მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ახალი სახის“ წოდება.

ქართველმა პიანისტმა კანადაში 100 ათასი დოლარი მოიგო

2016 წელს ხატიამ გამოუშვა ალბომი „კალეიდოსკოპი“, რომელშიც შევიდა მუსორგსკის, რაველისა და სტრავინსკის ნაწარმოებები. იმავე წელს ბუნიათიშვილმა ისრაელის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ზუბინ მეტის დირიჟორობით დაუკრა. გამართა კონცერტი პარიზში „არგერიხი და მეგობრები“, რომელზეც ცნობილმა პიანისტმა მართა არგერიხმა მხოლოდ შვიდი შემსრულებელი მიიწვია და მათ შორის იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები.  გარდა ამისა, 2016 წელს ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ავსტრიული ბრენდ „ჟაკ ლემანის" ახალი სახე გახდა.

ამჟამად ხატია ბუნიათიშვილი ცხოვრობს პარიზში და გასტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მართავს.