დაკარგული ჩემპიონის ტიტული და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ეფემერული შანსები

კვირის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების შესახებ ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია მოგითხრობთ
Sputnik

უკვე წელიწადზე მეტია ამ რუბრიკას ვუძღვები და პირველი შემთხვევაა, როცა სასიკეთოსა და გასახარს ვერაფერს ვამბობ.

მთავარი სპორტული მოვლენა „დინამო არენაზე“ გამართული, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა გახლდათ. შვეიცარიის ნაკრები FIFA-ს რეიტინგის პირველ ათეულშია, თუმცა, ციდან ვარსკვლავების მომგლეჯი ფეხბურთელებით ვერ დაიკვეხნის.

ამ გუნდის ძალა კარგად ორგანიზებული კოლექტიური ფეხბურთია და ამგვარი, სანახაობას მოკლებული თამაშით ბევრი გრანდი ჰყავთ გამწარებული. გუშინდელ შეხვედრას ბევრი რამ უნდა ენახვებინა ქართველი ქომაგისთვის, კერძოდ, ყაზახეთ, ლატვია, ანდორას მომრევმა ჩვენმა  ნაკრებმა რეალურად მოუმატა სათამაშო კლასში, თუ ცნობილი ანდაზისა არ იყოს „ბრმათა შორის ცალთვალას...“ პოზიციაზე ვართ? შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი მაინც ვიქონიოთ თუ ისევ მაჩანჩალათა კატეგორიას განვეკუთვნებით? ჩემდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ამ ეტაპზე, ასეთი თამაშით, ევროპელი გრანდების გვერდით ჩვენი ადგილი არ არის.

მარტივით ცვალებადი შედეგები და მაინც წარმატებული სპორტული კვირა

საყვედური ეკუთვნის გუნდის მწვრთნელ ვლადიმირ ვაისსაც. ხოჭოლავა - კაშიას დუეტი დაცვის ცენტრში ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ როცა ორივე გოლი ამ ზონიდან გადის, ბუნებრივია რაღაც ვერ გააკეთეს სწორად. საქართველოს ნაკრებს არ აქვს იმის ფუფუნება კვირკველიას დონის ფეხბურთელზე უარი თქვას; გარდა იმისა, რომ მაღალი ბურთებისთვის ბრძოლაში შეუდარებელია, ორთაბრძოლებშიც არავის უდებს ტოლს. აქედან გამომდინარე ვაისის გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვა გაუგებარია.

ნახევარდაცვა ძირითადად დაცვითი ფუნქციებით იყო გართული, ბურთის ამოტანა გვიჭირდა, შეტევის წამოწყებაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. თავდასხმის ხაზი გვყავდა თუ არა ვერ გეტყვით, რადგან როცა 90 წუთის მანძილზე ერთ საგოლე მომენტსაც ვერ შექმნი, გამოდის, რომ არ გვყავდა. უკვე პირველ ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ჩვენი გუნდი არწაგებაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე მოგებაზე.

ქართველ სპორტსმენთა წარმატებები და მცირე უიღბლობა გაზაფხულის პირველ თვეში

ანანიძე ჩაიკარგა, ყაზაიშვილი თავის თავს არ გავდა, ქვილითაიას ფუნქცია კი მხოლოდ პირველი ბურთის მოპოვებით შემოიფარგლა. საჰაერო დუელებს უმეტესად კი უგებდა თავის ვიზავი აკანჯის, მაგრამ ეს ხდებოდა მოედნის ცენტრთან ახლოს, სადაც მალევე ვკარგავდით ბურთს და ხეირიანი ამიტომაც ვერაფერი გავახერხეთ. ოქრიაშვილის და ჭანკვეტაძის გარეშე ბურთის „დამჭერი“ მოედანზე არ გვყავდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ თანამედროვე ფეხბურთში თამაშის სწორი ორგანიზაციის გარდა ინდივიდუალისტებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრიათ. იმ „ბრმებსაც“ (მომიტევონ ეს შედარება) სწორედ ამ ორი ფეხბურთელის ძალისხმევით ვაჯობეთ, მათ გარეშე კი ისევ იმ უსახურ და ვერაფრის მაქნის გუნდად ვიქეცით, რომლის თამაშებსაც რამდენიმე ასეული თავგადაკლული ქომაგის გარდა არავინ ესწრებოდა. გული მტკივა ამას რომ ვწერ, მაგრამ ამ ნაკრების ადგილი სწორედ ანდორის, გიბრალტარის და მათ მსგავსთა შორისაა... ნეტავ ვცდებოდე და ასე არ იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, გუშინდელი თამაშის შემხედვარეს სხვა აზრი არ მომდის...

გაკვეთილი „შავი ეშმაკებისთვის“ და ნიკა ბასილაშვილის მორიგი რეიტინგული წინსვლა

მახსოვს, შარშან ამ დროს როგორი რიხით გაუწყეთ, რომ ჩვენმა ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ ჩემპიონის (ოძეკის) ტიტული მოიპოვა სუმოში და როგორ გვეამაყებოდა, რომ იაპონელთა ტრადიციული სპორტის ერთერთ უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე ჩვენი ძეგველი ფალავანი იდგა. სამწუხაროდ, დღეს, ლევანმა ეს წოდება დაკარგა. 7 მოგების წილ, 8 წაგება დაუგროვდა, უარყოფითმა ბალანსმა კი სეკივაკეს წოდებამდე ჩამოქვეითება გამოიწვია. ტურნირის ბოლო დღეს მის წინააღმდეგ იდგა ტაკაკეიშო, ვინც ამ შეხვედრას მოიგებდა ოძეკის ტიტულიც მას შეხვდებოდა. ამ წაგებით,  ლევანმა ტიტული მეტოქეს გადაულოცა. არ ვიცი, ტრავმებით გატანჯული ტოჩინოშინი ისევ მოახერხებს თუ არა სუმოს ელიტარულ იერარქიაში აღზევებას, მაგრამ ძალზე ძნელი რომ იქნება ცხადია. რანგით მეორე დივიზიონში დადებითი ბალანსი დაიბევა თეიმურაზ ჯუღელმა და მას აუცილებლად დააწინაურებენ, თუმცა, ეს სასიამოვნო მოვლენა ლევანის დაღმასვლამ გააუფერულა.

დიდი საფეხბურთო ვნებათაღელვა ევროპის სტადიონებზე და ბორჯღალოსნების მორიგი გამარჯვება

29 მარტს დაიწყება ძიუდოში თბილისის გრან პრი. ტურნირზე 55 ქვეყნის 429 ძიუდოისტს ელიან. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამ დროისთვის ასე გამოიყურება, თუმცა ახლო მომავალში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს:

ვაჟები

60 კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, ირაკლი კუპატაძე

66 კგ - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ნიკო ჭიკაიძე, გიორგი თუთაშვილი

73 კგ - ფრიდონ გიგანი, ვალერი იაშვილი, ლაშა გიუნაშვილი,გიორგი ჩიხელიძე

81 კგ - ტატო გრიგალაშვილი, კობა მჭედლიშვილი, გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი

90 კგ - ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი

100 კგ - ონისე სანებლიძე, ლაშა ტაველური, გიორგი ბერიაშვილი, გიორგი ჩიქოვანი

+100 კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე

ქალები

48 კგ - ნატალია ყიფშიძე, მარი მახარაშვილი, მარიამ ციხელაშვილი

52 კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი

63 კგ - მზია ბებოშვილი

70 კგ - მარიამ ჭანტურია

+78 კგ - სოფიო სომხიშვილი

წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ძიუდოისტებს და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.