თბილისი, 24 მარტი - Sputnik. მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა, აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Global Teacher 2019-ის დაჯილდოება დუბაიში დღეს გაიმართა. 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვლადიმერ (ლადო) აფხაზავაც იყო. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 ათასი განაცხადიდან შეირჩნენ.
მასწავლებლის გლობალური დაჯილდოების ცერემონია მსახიობ ჰიუ ჯეკმანს მიჰყავდა. გამარჯვებულს კი ჯილდოს სახით 1 მილიონი დოლარი გადაეცა.
ლადო აფხაზავას მხარდასაჭერად დუბაიში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილიც იმყოფებოდა.
„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ის გამარჯვებულია, გამარჯვებულები ვართ ჩვენ ყველანი, ყველა მასწავლებელი, მთელი საქართველო... დიდი მადლობა მას მთელი საქართველოს სახელით, ვულოცავ კიდევ ერთხელ ამ დიდ მიღწევას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ვლადიმერ აფხაზავა 1976 წლის 9 იანვარს, სოფელ ნიგვზიანში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა სოფელ ნიგვზიანის საშუალო სკოლა, 1999 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ბათუმის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2010 წლიდან მუშაობს სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად.
2017 წელს აფხაზავამ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მოიპოვა, რამაც მისცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო კონკურსში The Global Teacher Prize, რომლის ფარგლებში მსოფლიოში ყველაზე გამოჩენილ მასწავლებელს ყოველწლიურად ერთი მილიონი დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს გადასცემენ.
The Global Teacher Prize კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენისას შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებენ: მასწავლებლის მიღწევების აღიარება სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მეთოდების გამოყენება; სხვების წახალისება მასწავლებლის პროფესიის ათვისებისკენ; პროფესიის საზოგადოებრივ განხილვაში წვლილის შეტანა; სწავლებისას თვალსაჩინო შედეგების მიღწევა; ბავშვების აღზრდა გლობალიზაციისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გათვალისწინებით.