თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა, რომლის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში 18 მარტს მუცლის მწვავე ტკივილით შეიყვანეს. სამ დღიანი კვლევების შემდეგ ექიმებმა 29 წლის პაციენტი სახლში გაწერეს. მეორე დღეს კი მდგომარეობა გამწვავდა და გოგონა კლინიკა „მედცენტრში" გადაიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტით გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მელანო ფუტკარაძე ექიმის დაუდევრობას და არაკვალიფიციურობას შეეწირა.
„ხალხო, ბრმა ნაწლავით შვილი დამეღუპა. ასეთი უპასუხისმგებლობა როგორ გამოიჩინეს. მუცელი სტკიოდა, ვერ მიხვდნენ. სამი ექოსკოპია გადაიღეს, ვერაფერს მიხვდნენ“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა დღეს მდუმარე აქცია მოაწყვეს რეფერალური საავადმყოფოს ეზოში. ისინი ითხოვენ, რომ შეუჩერდეს ლიცენზია იმ ექიმს, რომელსაც ფუტკარაძის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ.
მათი განმარტებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც აქციების გაგრძელებას აანონსებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.