მეტეოროლოგებს საქართველოში პროფესიული დღესასწაული მიულოცეს

საქართველოში ბოლო წლებში ამინდის პროგნოზირების ტექნოლოგიები გაუმჯობესდა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ანდრო ასლანიშვილმა ქართველ მეტეოროლოგებს პროფესიული დღე მიულოცა, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მეტეოროლოგიის დღე საქართველოში 1992 წლიდან აღინიშნება, როდესაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას შეუერთდა.

გარემოს დაცვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მეტეოროლოგებს საქართველოში პროფესიული დღესასწაული მიულოცეს

ბოლო წლებში საქართველოს მასშტაბით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა.

დამონტაჟდა და გაიმართა 50-ზე მეტი ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ავტომატურად გამზომი სტაციონალური დანადგარი, რაც ამინდის პროგნოზის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რეჟიმის უფრო სრულყოფილად შეფასებას შეუწყობს ხელს.

ფოთში ახალი მეტეორადიოლოკატორი დამონტაჟდა

დღეისათვის ამინდის მონიტორინგი 86 მეტეოროლოგიური და 52 ჰიდროლოგიური დაკვირვების პუნქტზე მიმდინარეობს.

ყოველი წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით  გაეროს ეგიდის ქვეშ მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე, ანუ  მსოფლიო მეტეოროლოგიური დღე  (World Meteorological Day) აღინიშნება.

ამ დღეს 1950 წელს ძალაში შევიდა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენცია, რომლის ფარგლებში გამოცხადდა ორგანიზაციის დაარსების შესახებ. თავად დღესასწაული 1961 წლიდან აღინიშნება.