საქართველო-შვეიცარიის საფეხბურთო მატჩზე ბილეთების უმრავლესობა გაყიდულია

საქართველოსა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გასამართ მატჩზე რამდენიმე ათეული ათასი ბილეთი გაიყიდა
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ძლიერი მეტოქის - შვეიცარიის ნაკრებთან მატჩის დროს დაახლოებით 50 ათასი ქართველი უქომაგებს.

მატჩი თბილისში „დინამო არენაზე“ უახლოეს წუთებში დაიწყება. სტადიონი თითქმის 55 ათას ქომაგს იტევს.

ფიფას რეიტინგში მასპინძელი 91-ე ადგილს იკავებს, სტუმრები - მერვე პოზიციაზე არიან, ასე რომ საქართველოს ნაკრებს სერიოზული ბრძოლა მოუწევს.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს აკლია უეფას ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. ნახევარმცველი მკურნალობის კურსს ბელგიის „გენტში“ გადის. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ორი მცველის - ოთარ კაკაბაძისა და გიორგი ნავალოვსკის მონაწილეობა. პირველი ახლახან ჩადგა ფორმაში ტრავმის შემდეგ, ხოლო მეორემ საერთო ჯგუფში ვარჯიში მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო.

თუმცაღა, ქართველების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სტუმრების შეტევის ხაზსაც რამდენიმე მოთამაშე აკლია. ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ტრავმა მიიღო შვეიცარიელების საუკეთესო ბომბარდირმა ჰარის სეფეროვიჩმა, გასულ კვირაში მას შეუერთდნენ ჯერდან შაკირი და ადმირ მეჰმედი.

მატჩთან დაკავშირებით, საპატრულო პოლიციამ სტადიონ „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტა.