სროლა საპატრულო პოლიციის ავტომობილზე - იძებნება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის შვილი

ინციდენტი სოფელ ძიმითში 19 მარტს მოხდა
Sputnik

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გურიაში შსს-ს ყოფილი თანამშრომლის შვილს, 21 წლის ირაკლი თავდიშვილს ეძებენ, რომელმაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

ინციდენტი ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში 19 მარტს მოხდა. ავტომობილის მძღოლმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ყაჩაღობისა და პოლიციელზე თავდასხმისთვის მამაკაცს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეკიპაჟმა ავტომობილი შემოწმების მიზნით დაახლოებით 23:00 საათზე გააჩერა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში მძღოლთან ერთად კიდევ ორი პირი იმყოფებოდა, ჯერჯერობით მათი დაკავება ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მყოფი სამართალდამცველები მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ. გასროლის ხმა სოფელშიც ბევრმა გაიგონა, თუმცა, ადგილობრივები ამ თემაზე საუბარს გაურბიან.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. ძებნილ თავდიშვილს, დაკავების შემთხვევაში ან დაუსწრებლად, ბრალს პოლიციაზე თავდასხმისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წაუყენებენ.

სროლისას დაზიანებული საპატრულო პოლიციის ავტომობილი ამ დროისთვის გურიის პოლიციის ავტოსადგომზე დგას.