თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა The 100th China Food & Drinks Fair-ში მონაწილეობს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ გამოფენაში, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათასობით მწარმოებელი და მილიონამდე ვიზიტორი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ The China Food & Drinks Fair-ი 23 წელია იმართება და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად მიჩნევა ჩინეთში.
„გასული წლების მსგავსად, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის გამოფენა წელსაც კონკრეტული შედეგების მომტანი აღმოჩნდა: გაფორმდა ახალი საექსპორტო ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში ექსპორტირებულია 600 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.