ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

ბათუმელი მსახიობის, რეჟისორის, დრამატურგის ოთარ ქათამაძის სხვადასხვა შემოქმედებითი პროდუქტი ყოველთვის რეალობის ასახვის ორიგინალური ფორმითა და არსით გამოირჩევა.
Sputnik

ამიტომ საუბრის დროს ვეცადეთ მისივე სტილიც ყოფილიყო დაცული.

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

- ბატონო ოთარ, წარმოვიდგინოთ, რომ „ოთარ ქათამაძე“ რომელიმე პიესის სახელწოდებაა, როგორი იქნებოდა მისი მთავარი პერსონაჟი?

- მე რომ ვყოფილიყავი რომელიმე პიესის პერსონაჟი, ალბათ სევდიანი მასხარა ვიქნებოდი. შინაგანად სევდიანი თუმცა გარეგნულად მხიარული და პირდაპირი. ამ პიესის მოქმედება აუცილებლად ჩვენს დროში მოხდებოდა. ჟანრით ტრაგიკომედია იქნებოდა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი ყოფა ტრაგიკომიკურია.

- ემოციური ადამიანი ხართ...

- დიახ, ზოგადად მგრძნობიარე ადამიანი ვარ, შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი...

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

- და როგორ შველით ხოლმე საკუთარ თავს?

- როგორ და... ჩემს სათქმელს ვამბობ სხვადასხვა გზით: ხან ფურცელზე გადამაქვს პიესის სახით, ხან სპექტაკლებში ვამბობ და ხან სცენაზე ვთამაშობ...

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

- როგორი იქნებოდა პიესის „ოთარ ქათამაძე“ მთავარი გმირის მონოლოგი?

- პიესაში ალბათ სიკვდილის წინა მონოლოგს წავიკითხავდი. ეს იქნებოდა ჯამბაზის ბოლო მონოლოგი, რომელიც საკუთარ და სხვის ყოფას აჯამებს და ანდერძად ტოვებს სიყვარულს, რომელიც გაქრა...

ოთარ ქათამაძის როგორც დრამატურგის ერთ-ერთი წარმატებული პიესა „აივანი“ აქტუალურ თემაზეა და ის სხვადასხვა თეატრის სცენაზე დაიდგა, მათ შორის რუსთაველის თეატრშიც. პიესა აქტუალურ თემაზეა და მასში ერთი ეზოს მაგალითზე ქვეყანაში მიმდინარე რეალობაა ასახული. აივანი ამ ადამიანების ერთობის, ოჯახური თანაცხოვრებისა და მოგონებების სიმბოლოდაა გამოყვანილი. აზრის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას რეჟისორი სცენის მიღმაც ხშირად მიმართავს...

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

- თქვენი ერთ-ერთი საინტერესო პროექტია "ლაბორატორია 2/20"...

- ეს იდეა სპონტანურად გაჩნდა. ერთხელ როცა მე და ირმა სურმანიძე სახლში დაღლილები მივდიოდით, საუბარში ვთქვით, რომ კარგი იქნებოდა ყოფილიყო პროექტი, სადაც სხვადასხვა მხატვრები დიდ ტილოებზე იმუშავებდნენ. ეს არ არის ფესტივალი- ჩვეულებრივი ლაბორატორიული მუშაობაა, რაც მხატვრისთვის გამოწვევა იყო, რათა რეალურად გამოეხატა თავისი სათქმელი.

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

-მონო-პიესების ფესტივალიც იმიტომ დააარსეთ, რომ სათქმელი უკეთ გამოთქმულიყო სცენიდან?

- დიახ, დღეს წინა პლანზე წამოვიდა სათქმელი, საავტორო ტექსტი და მონო პიესა ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ დავაარსეთ მონო პიესების ფესტივალი. ავტორებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მივეცით. ეს უფრო ახალგაზრდული ფესტივალია, რომელიც ყოველ წელს, ზაფხულში ტარდება. ის სხვა ფესტივალებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ არაორდინალურ სივრცეში ტარდება. მაგალითად, შარშან, ავტობუსში ჩავატარეთ და იქ ამოსული მგზავრი-თავისთავად გახდა მაყურებელი. მათთვის ეს ძალიან უჩვეულო და საინტერესო სანახავი იყო.

ავტობუსში დადგმული სპექტაკლი, ჯამბაზის მონოლოგი და „ლაბორატორია 2/20”

-ამერიკაში დიდი დეპრესიის პერიოდში დაიწყეს ფილმების გადაღება ჰეფი-ენდით, როგორ ფიქრობთ,  დღეს ჩვენში კომედიის დადგმა უფრო გაამართლებს თუ არა?

-კომედია კარგია, ადამიანებს პრობლემებისგან გადართვისა და გაღიმების საშუალება მიეცემათ. თუმცა მიმაჩნია, რომ ისეთი სპექტაკლები უნდა დაიდგას, სადაც უფრო პრობლემაზე და დღევანდელ დღეზეა საუბარი, საჭიროა სპექტაკლი, რომელიც საფიქრალს დაგიტოვებს და გაიძულებს სხვა თვალით შეხედო დღევანდელ ცხოვრებას. თეატრს სარკის ფუნქცია უნდა ჰქონდეს და რაოდენ მახინჯიც უნდა იყოს მასში რეალობა უნდა ირეკლებოდეს...