თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი თამაშების წინ სრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში ჩაატარა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) განცხადებაში.
პირველი მატჩი ევრო-2020-ის შესარჩევი თამაშების ფარგლებში 23 მარტს შვეიცარიის წინააღმდეგ თბილისში გაიმართება.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო–2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო>>
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. აქედან 24-მა მინდორზე ივარჯიშა, ხოლო გუნდის დებიუტანტმა ვატო არველაძემ – კვლავ სავარჯიშო დარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით. ნაკრებმა წვრთნები არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერების უმრავლესობა გუნდს სამშაბათს შეუერთდა.
„დღეს სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს, გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს, როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა", – განაცხადა ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ, იუწყება სფფ-ის პრეს-ცენტრი.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები D ჯგუფში გამოვა შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად. ევრო–2020-ის ფინალურ ნაწილში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გადავა.
პირველ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 მარტს შვეიცარიას დაუპირისპირდება (მატჩის დასაწყისი 18:00 საათზე), ხოლო 26 მარტს დუბლინში ირლანდიას შეხვდება.