უვიზო მიმოსვლის წესებს საზოგადოებას დიპლომატები გააცნობენ

ბოლო მონაცემებით, უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა ათეულში მოხვდნენ>>>

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანია 2017 წელს დაიწყო, რომელიც სამ ფაზად არის დაყოფილი და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეების მათი უფლებებისა და მოვალეობის შესახებ ინფორმირებას ემსახურება. კამპანიის პირველი ფაზა საინფორმაციო რგოლების გავრცელებას მოიცავდა.

უკანონო მიგრაციის ხელშეწყობა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

საინფორმაციო კამპანიის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის მარტიდან დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 160 შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიიის მესამე ფაზა კი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ, ბათუმში, ქობულეთში, ქუთაისსა და სამტრედიაში საინფორმაციო შეხვედრებს ითვალისწინებს, რომლებიც 19-21 მარტის პერიოდში ჩატარდება.

„მომხსენებლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან", – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩები მიხეილ უკლება, კონსტანტინე ჟღენტი და გიორგი ყარალაშვილი.

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.

ბოლო მონაცემებით, უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავ–მეგობრების მისამართი, სადაც აპირებენ ცხოვრებას, სამედიცინო დაზღვევა, ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ, თავის მხრივ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.