ზურაბიშვილი: ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც საქართველოს სჭირდება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების მიზნით მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შემოღებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე.

აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის მოწინააღმდეგეებს პასუხი გასცა>>>

„აუცილებელია შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალ დონეზე დიალოგის გამართვის შესაძლებლობა ექნება. დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ამასთან პრეს-სპიკერმა არ დააზუსტა, თუ ვინ იქნება ამ დიალოგის მხარე და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა.

მოისწრაფიშვილმა ასევე დასძინა, რომ ახალი ფორმატი არ იქნება არსებული ჟენევის დიალოგის ალტერნატივა.

„ეს არ იქნება რაიმეს ალტერნატივა. საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იყოს ყველა არსებული ფორმატი, თუმცა თვლის, რომ ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. მაღალი პოლიტიკური დიალოგი არ იწარმოება ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

კარასინი აბაშიძისა და ივანიშვილის შეხვედრის გამო ატეხილი აჟიოტაჟით დაინტერესდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. პირველ ჯგუფში განიხილება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, მეორეში — ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები.

ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლის შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოლაპარაკებების დონის ამაღლების აუცილებლობისა და ამ პროცესებში მისი ჩართვის შესახებ განაცხადა. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, კვლავაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზადაა წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც თბილისია ამისთვის მზად.

ჟენევის მოლაპარაკებები 10 წლის შემდეგ>>>

რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.

ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

ბოლო დროს ოპოზიცია სულ უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს აბაშიძისა და კარასინის შეხვედრების შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.