თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტიდან დაიწყება, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ ბრიფინგზე.
წელს მე-6 და მე-10 კლასელებისთვის გამოცდები არ დაინიშნება>>>
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე უწყებამ 2019-2020 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შეიტანა.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი
საქართველოს განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციის პირველი ეტაპი 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილამდე გაგრძელდება.
ამ კატეგორიის ბავშვების მშობლებმა განცხადებით იმ საჯარო სკოლას უნდა მიმართონ, სადაც შვილის მიყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით მშობელმა სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მიმართვის ფორმა უნდა შეავსოს.
აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც, მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.
8-დან 24 აპრილის ჩათვლით მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლეს ბრძანებით ჩარიცხავს.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, ბავშვები მომდევნო ეტაპებზე დაარეგისტრირონ. ჩარიცხვის ან უარის თქმის შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი 25-30 აპრილის პერიოდში გახდება.
რა ცვლილებები ელოდებათ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე>>>
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ ჩაითვლება ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა, ინტელექტუალური განვითარების დარღვევა, სწავლის უნარის დარღევა, სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის), მეტყველების განვითარების დარღვევა, ქცევითი და ემოციური დარღვევა, გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და აუტიზმის სპექტრის მქონე.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2–17 მაისის პერიოდში ჩატარდება. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს კონკრეტულ სკოლაში, ან რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან.
გარდა ამისა, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი
მესამე ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, რომელიც 21 მაისს დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მშობლებმა დოკუმენტაცია 13-21 ივნისის პერიოდში უნდა წარადგინონ. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის წარმოდგენა დადგენილ ვადებში ვერ მოხდება, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი
მეოთხე ეტაპზე გათავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია განხორციელდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მეოთხე ეტაპი 25 ივნისს დაიწყება და 5 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ მშობლებმა შერჩეულ სკოლაში უნდა წარადგინონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.