კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები

ბრალდებულებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 3 ათას კოლოფზე მეტი სიგარეტი

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის" გავლით ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 22 კგ-ზე მეტი ვერცხლისა და 2,5 კგ ოქროს ნაკეთობანი, რომელთა საერთო საბაჟო ღირებულება 240 000 ლარს აღემატება", – ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.