სროლა ნიდერლანდებში: დაღუპულია სამი და დაჭრილია ცხრა ადამიანი

ნიდერლანდების პოლიცია ეძებს წარმოშობით თურქ პიროვნებას, რომელიც უტრეხტში მომხდარ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი
Sputnik

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში სროლის შედეგად დაიღუპა სამი და დაიჭრა ცხრა ადამიანი, იუწყება РИА Новости.

ადამიანები ტრამვაიში მომხდარი სროლის შედეგად დაშავდნენ. ნიდერლანდების ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის ხარისხი უტრეხტის პროვინციაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე აიყვანა.

პირდაპირი ტრანსლაცია სროლის ადგილიდან ნიდერლანდებში

სამართალდამცველები ტერორისტული თავდასხმის ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ჩანს, დამნაშავე ერთია, თუმცა არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ თავდასხმაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, აღნიშნავენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები სამართალდამცველებზე დაყრდნობით.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიცია ეძებს წარმოშობით თურქ პიროვნებას, 37 წლის გოკმენ ტანისს, რომელსაც ჯერ კიდევ 2013 წლის დეკემბერში მომხდარ თავდასხმაში ედებოდა ბრალი. მაშინ თავდასხმა მოხდა იმ რაიონის ერთ-ერთ ბინაში, რომელიც დღევანდელი ინციდენტის ადგილის მახლობლად მდებარეობს. მაშინ მას ბრალად ედებოდა არაგანზრახ მკვლელობის მცდელობა და თავდასხმა.

თვითმხილველების თქმით, ტანისის თავდასხმის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტული ქალბატონი.