დასახელდა ოკაცეს კანიონის გახსნის თარიღი

ოკაცეს კანიონზე კიდულ ბილიკზე გასეირნება გაცილებით უსაფრთხო გახდა
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ოკაცეს კანიონზე მიმდინარე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა და ტურისტები მის დათვალიერებას 19 მარტიდან შეძლებენ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულია >>

განახლებულია ერთი კილომეტრი სიგრძის კიდული ბილიკი და გადასახედი პლატფორმა. ზოგან დაიგო გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. მეტი უსაფრთხოებისთვის გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.

როგორ აპირებს ტურისტების მოზიდვას საქართველო 2019 წელს

ოკაცეს კანიონი 2018 წელს ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილების ხუთეულში შევიდა.

ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 50 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე - 50 კმ.

მეცნიერების მტკიცებით, ეს ბუნებრივი სასწაული მილიონ წელს ითვლის. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის - ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.

2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.

განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის - 70 მეტრი, ხოლო მესამის - 35.