TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი ადამიანი ტოვებს

TBC Bank Group PLC-ის დირექტორთა საბჭო ერიკ რაჯენდრას გადაწყვეტილების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. TBC PLC-ის დამოუკიდებელი დირექტორი და საქართველოს უმსხვილესი ბანკის, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ერიკ რაჯენდრა თანამდებობებს ტოვებს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

TBC Bank-ის საქმე - რისთვის დასჭირდა ხაზარაძეს 17 მილიონი დოლარი >>

ამ გადაწყვეტილების მიზეზი რაჯენდრას ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. TBC Bank Group PLC სს „თიბისი ბანკის“ აქციების 100%-ს ფლობს.

„TBC Bank Group PLC-ის დირექტორთა საბჭო შეწუხებულია იმის გამო, რომ ერიკ რაჯენდრას დირექტორის პოსტზე მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია. ერიკს ბანკთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს, ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა TBC Bank-ის დამფუძნებელმა და TBC Bank Group PLC-ის მმართველობის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

ადრე ხაზარაძე TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო, მაგრამ მას და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ამ თანამდებობების დატოვება მოუწიათ. მიზეზი ბანკში ფულის შესაძლო გათეთრების ფაქტზე გამოძიება გახდა.

ТВС-ს საქმე

ТBC Bank-ი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა.

TBC Bank–ის საქმე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა უშედეგოდ დასრულდა

ხაზარაძე და TBC Bank-ში მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე 17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ. ის, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.

„თიბისი ბანკის“ საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.

„შეტევა ეროვნულ ბანკზე“ „თიბისი ბანკის“ გამო, ანუ რატომ ჩაიშალა პარლამენტის სხდომა >>

„თიბისი ბანკი“ 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.

„თიბისი ბანკის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები ქვეყნის საბანკო სისტემის საბანკო კრედიტების საერთო მოცულობის 38,8%-ს და დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.