„ისტორიული დღეა" - კალაძე თბილისის მომავალზე

რამდენიმე საათში თბილისს გენერალური გეგმა ექნება
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც საკრებულომ პარასკევს უნდა დაამტკიცოს, დედაქალაქის სწორ და გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

თბილისის მერიამ გენგეგმაზე მუშაობა, რომელიც 2015 წლიდან წარმოებდა, თებერვლის ბოლოს დაასრულა.

„ისტორიული და მნიშვნელოვანი დღეა. დღეიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების სახელმძღვანელო. დღეს საკრებულო ამ დოკუმენტის მიღებით უზრუნველყოფს თბილისის სწორ და გრძელვადიან განვითარებას", - განაცხადა კალაძემ.

მერის განცხადებით, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში თბილისს უამრავი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის, ქაოტური მშენებლობა, რთული ეკოლოგიური მდგომარეობა, „საცობები", საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა. ამ პრობლემების მთავარი წყარო, კალაძის თქმით, სისტემური ხედვისა და ქალაქის განვითარების ერთიანი გეგმის არარსებობაა.

გენგეგმა: მტკვრის გასწვრივ საფეხმავლო და ველობილიკები უნდა მოეწყოს

„ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა. გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად. რა თქმა უნდა, წლობით დაგროვებულ ყველა შეცდომას ხელის ერთი მოსმით ვერ გამოვასწორებთ, თუმცა, ეს არის ის ათვლის წერტილი, საიდანაც იწყება თბილისის განვითარების ახალი გზა", - განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, თბილისის გენგეგმის წყალობით, საძირკველი ჩაეყრება ქალაქის ახალ ურბანულ სახეს.

„გავა დრო და თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, რომელშიც მოგვარებული იქნება განაშენიანების, ეკოლოგიის, ტრანსპორტის საკითხები, იქნება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას", - განაცხადა კალაძემ.

გენგეგმა: ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს>>

პროექტზე მუშაობა, რომელიც 2,8 მილიონი ლარი დაჯდა, 2015 წლიდან წარმოებდა. City Institute Georgia-მ თბილისის მერიას სამუშაოს შედეგები 2017 წლის ივნისში წარუდგინა, მაგრამ რადგან მერიას ბევრი შენიშვნა ჰქონდა პროექტთან დაკავშირებით, მისი მიღება გაჭიანურდა. შენიშვნები ეხებოდა ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს.

თბილისი გენგეგმის მოლოდინში>>

თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი. ის სხვადასხვა საკითხს მოიცავს: განაშენიანების გეგმაზომიერი და სტაბილური განვითარება, ეკონომიკის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.