თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ჩემპიონატი ასტანაში, ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა.
დასკვნით მეცხრე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა რუსეთის ძლიერ გუნდთან შეხვედრა ყაიმით - 2:2 დაასრულეს. ოთხიდან არცერთ პარტიაში გამარჯვებული არ გამოვლენილა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრინჯაოს მედლებს ქართველები ჩინეთის ნაკრებს უნდა უმადლოდნენ. ჩინეთის წარმომადგენლებმა მსოფლიოს ჩემპიონობა ვადაზე ადრე - მსოფლიო პირველობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს. ამის მიუხედავად, ტურნირის ბოლო დღეს ჩინელებმა უკრაინის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით - 3,5:0,5 და მოწინააღმდეგეებს საპატიო პიედესტალზე მოხვედრის შანსი არ დაუტოვეს.
დასკვნით პროტოკოლში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებმა 12-12 ქულა დააგროვეს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენი მოჭადრაკეები დაწინაურდნენ.
მეორე ადგილი აიღო რუსეთის ნაკრებმა (14 ქულა), რომელიც ჩინეთს ოთხი ქულით ჩამორჩა.
ქართველი მოჭადრაკე ქალები ევროპის კლუბური ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ >>
ამგვარად, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა - ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ - წინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღწევები გაიმეორა და მესამე ადგილზე გავიდა.
მამაკაცთა შორის გამარჯვება რუსმა მოჭადრაკეებმა დაიმსახურეს. მეორე ადგილი ინგლისს ერგო, მესამეზე კი ჩინეთის წარმომადგენლები გავიდნენ.