თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს სურს ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და მზადაა ამ მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგა ჰიროშიგე სეკუსთან შეხვედრაზე.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს ინდოეთთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქართულმა მხარემ გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა.
გარდა ამისა, საქართველო და იაპონია 15 მარტს სადაზღვევო კომპანია NEXI-თან ექსპორტისა და ინვესტიციების შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
ასევე, იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაჭავარიანის თქმით, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია.
„ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ მოლაპარაკებები დასრულებულია. დარჩენილია გარკვეული პროცედურები. ეს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ არის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, მაგრამ თავისუფალი ვაჭრობისკენ მიმავალი გზის ნახევარი უკვე გავიარეთ. ეს მოგვცემს დამატებით გარანტიებს იაპონური ინვესტიციების მოსაზიდად“, - განაცხადა მაჭავარიანმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა >>
მისი თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შესაძლებელი გახდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 5,9 მილიონი დოლარი შეადგინა, პირდაპირი იაპონური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს დაახლოებით 5,3 მილიონი დოლარი შეადგინა.