ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს მასობრივად აჯარიმებს

დაჯარიმება ბენეფიციარების რეგისტრაციის ადმინისტრაციული წესების დარღვევას უკავშირდება.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის 159 კლინიკაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა, რის გამოც ამ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ ბიუჯეტში იმ თანხის დაბრუნება, რაც სახელმწიფომ სხვადასხვა სამედიცინო პროგრამის დაფინანსებისთვის გამოყო, წერს გაზეთი „რეზონანსი".

ქვეყნის კლინიკებისთვის დაკისრებულმა ჯარიმამ მთლიანობაში 13 მლნ ლარს მიაღწია.

სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა

ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაია ხომერიკის განცხადებით, კლინიკებმა ეს თანხები უნდა დააბრუნონ, რადგან დარღვეულია ბენეფიციარების რეგისტრაციის ადმინისტრაციული წესები.

ხომერიკის განცხადებით, სანქციების მოცულობამ თავდაპირველად დაახლოებით 30 მილიონ ლარს მიაღწია, თუმცა შემდგომ პერიოდში გადახედეს საჯარიმო სანქციებს, ასევე კლინიკებში ადმინისტრაციული წესების დაცვას და კლინიკები ჯარიმებისგან გაათავისუფლეს. ისინი დაავალდებულეს მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის დაბრუნება.

საქართველოში 2014 წლის 1 აპრილიდან ბენეფიციარების აღრიცხვის მკაცრი ფორმა გამოჩნდა, რომელშიც მოქალაქეებმა თავად უნდა დაადასტურონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. შემოწმების მსვლელობისას ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტორებმა გამოავლინეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკები არ იცავდნენ ამ წესს, ზოგიერთ შემთხვევაში ბენეფიციარების საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ემთხვეოდა და ა.შ.

სამედიცინო მომსახურებები, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აგინაზღაურებთ>>

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ექვს ჯგუფს მოიცავს: მიზნობრივი ჯგუფები (5 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეები, საშუალო შემოსავლის მქონე პირები, 70000-დან 100000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები, მოზარდები (6-დან 18 წლამდე) და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები.