თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე პოპულარულმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თინა კანდელაკმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილის შესახებ ისაუბრა.
საუბარი საქართველოს შესახებ მაშინ დაიწყო, როდესაც სოციალურ ქსელ Instagram-ზე ხელმომწერებმა ტელეწამყვანს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთმა „ფოლოვერმა“ ჰკითხა კანდელაკს: „თანახმა ხართ თბილისთან თანამშრომლობაზე?“ რაზეც ჟურნალისტმა მხურვალე თანხმობა განაცხადა.
„Не то слово, я согласна!“, - განაცხადა მან და რამდენიმე ფრაზა ქართულად დაამატა.
„გაგიმარჯოთ, კარგად იყავით! დიდი სიამოვნებით ჩამოვალ! ვაპირებ ჩამოსვლას, ტაბრიზასაც (რუსეთში ტოპ-ტელეწამყვანების საკონცერტო დირექტორი ტაბრიზ შახიდი - რედ.) უნდა ჩამოსვლა. მოკლედ, ჩვენ მზად ვართ, დაგვირეკეთ, გვეკონტაქტეთ“, - განაცხადა ტელეწამყვანმა ქართულ ენახზე.
თინა კანდელაკი დაიბადა თბილისში 1975 წელს. მამა იყო ეკონომისტი, დედა - ექიმი-ნარკოლოგი. თინამ თბილისში 64-ე საშუალო სკოლა დაამთავრა.
1993 წელს თინა ეუფლებოდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიდა. 2008 წელს მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.
თინა კანდელაკი - რუსული ნაციონალური სატელევიზიო პრემია „ტეფის“ მრავალგზის მფლობელია. პრემია გადაეცემა სატელევიზიო ხელოვნების სფეროში მიღწევებისთვის და ამერიკული „ემის“ რუსულ ანალოგს წარმოადგენს.