საქართველოს პრემიერი იაპონიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მთავრობის მეთაური იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციით დაკავდება
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიაში ოფიციალური ვიზიტით 13 მარტს გაემგზავრება.

როგორც ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. ტოკიოში ასევე დაგეგმილია გამოფენა „საქართველო - ღვინის სამშობლოს“ საზეიმო გახსნა.

„ჩვენი ღვინისთვის იაპონია ყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზრად, შესაბამისად, ჩვენ დიდი ხანი ვემზადებოდით ამისთვის. ტოკიოში საზეიმოდ გავხსნით გამოფენას „საქართველო ღვინის სამშობლო“. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ისეთ განსაკუთრებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ როგორც ღვინის სამშობლო, არამედ, როგორც უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყანა“, - განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ღვინოს სააგენტო ქართული ღვინოს პოპულარიზაციის მიზნით იაპონიაში სარეკლამო კამპანიებს 2014 წლიდან ატარებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასი ბოთლი ქართული ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2017 წლის მაჩვენებლებს 37%-ით აღემატება.

ქართულმა ღვინომ იაპონიაში „ბრილიანტის" ჯილდო მოიპოვა >>

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იაპონიაში ვიზიტი ქვეყნის პოტენციალის დემონსტრაციისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია ინვესტიციების მოზიდვა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა მაღალტექნოლოგიურ მიმართულებას, შესაბამისად, იაპონია არის სწორედ ქვეყანა, რომელთან თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იაპონია საქართველოს სამეცნიერო სფეროს განვითარებაში დაეხმარება

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში 15 მარტს დასრულდება.

საქართველომ და იაპონიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 3 აგვისტოს დაამყარეს. ქართულ-იაპონური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ და აგრარულ სფეროებში.

გარდა ამისა, ქვეყნებს კარგი თანამშრომლობა აქვთ ჯანდაცვის, ახალი ტექნოლოგიების, კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტურიზმის სფეროებში.

იაპონია საქართველოს სახანძრო მანქანებს საჩუქრად გადასცემს >>

ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს იაპონიაში სტუმრობისთვის ესაჭიროებათ ვიზა. იაპონელებს, თავის მხრივ, საქართველოში ჩამოსვლა და აქ ერთი წლის განმავლობაში ყოფნა უვიზოდ შეუძლიათ. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ იაპონიის ვიზა მიიღოს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მან აუცილებლად უნდა წარადგინოს მოსაწვევი თბილისში იაპონიის საელჩოს საკონსულო სამსახურში.