„უკომენტაროდ": გიგინეიშვილმა ინა ჩურიკოვას მონაწილეობით ახალი ფილმი გადაიღო

ინა ჩურიკოვა ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის უსინათლო დედის როლს ასრულებს.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა და მისმა სტუდიამ Небо წარმოადგინეს ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკომენტაროდ", რომელმაც ინტერნეტში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ცნობილი რუსი მსახიობები ინა ჩურიკოვა და იგორ ვერნიკი. ფილმი ეძღვნება აუდიოდესკრიპციას, ანუ საგნის, სივრცის ან მოქმედების ლაკონურ აღწერას უსინათლო ადამიანებისთვის.

გიგინეიშვილის „მძევლები“ ამერიკულმა HBO-მ იყიდა

„მნიშვნელოვანი ფილმია პირადად ჩემთვის და ჩვენი კინოკომპანია Небо-სთვის. კოლეგებმა გამოაქვეყნეს გუშინ ქსელში და ასეთი შედეგია! მადლობა მაყურებელს და მთელ ჩემს გუნდს", – დაწერა გიგინეიშვილმა თავის Instagram-ზე.

ფილმს „უკომენტაროდ" გამოქვეყნების პირველ დღესვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმის სიუჟეტში ინა ჩურიკოვა იგორ ვერნიკის გმირის, ცნობილი საფეხბურთო კომენტატორის დენის ორლოვის უსინათლო დედის როლს თამაშობს.

ფილმი გადაღებულია კინოსტუდია Небо-ს, რუსი მეწარმის ალიშერ უსმანოვის საქველმოქმედო ფონდის და იგორ ვერნიკის თანამშრომლობით.