აღმართში დაწეული ქვა... ანუ თუთუნიც ძვირდება?!

სიგარეტი გაძვირდა, მწეველთა რაოდენობა კი არ მცირდება, თამბაქოს ბაზარზე გაიზარდა კონტრაბანდული პროდუქციის წილი. ხელისუფლება ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავს! გაძვირდება თუ არა თუთუნი?
Sputnik

სამსონ ხონელი

გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ადამიანი გონიერი არსებაა და ყოველთვის ახერხებს ახალ რეალობებს ალღო აუღოს. თავად განსაჯეთ, თამბაქოს ნაწარმი ბოლო ერთ წელიწადში სამჯერ გაძვირდა, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასმა კი საშუალოდ ერთი ლარით და მეტით მოიმატა. მოლოდინი იყო, რომ მწეველთა რაოდენობა შემცირდებოდა და საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი დაიწყებდა ჯანსაღი წესით ცხოვრებას. ერთია რას ველოდით, მეორეა რა მივიღეთ − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება...

ასევე წაიკითხეთ: „რაც უფრო ძვირდები მით უფრო მხიბლავ - ანუ დაფასებული ბიჩოკი"

ანალიტიკოსები დიდი ხანია მიანიშნებენ, რომ ბოლო დროს თამბაქოს ბაზარზე საგრძნობლად მოიმატა კონტრაბანდული პროდუქციის წილმა. უაქციზო სიგარეტი ქვეყანაში საბაჟო წესების გვერდის ავლით ხვდება და ლეგალურ პროდუქტზე თითქმის ორჯერ იაფია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში. იქ კონტრაბანდული საქონელი შემოდის არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან. თუ ჩვენ კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობას ციფრებში შევხედავთ, რეალობას ნათლად დავინახავთ. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონოდ შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ის სრულად ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მხოლოდ ცხრა თვეში საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უაქციზო თამბაქოს ღირებულებამ 98.000 ლარს გადააჭარბა.

უცხოეთში დასაქმებულ ქართველებზე გათვლილი ციფრებს აცდენილი რეალობა

კონტრაბანდულ პროდუქციაზე ყველას როდი მიუწვდება ხელი, მოხერხება უნდა − შესაძლოა გაიფიქროს მკითხველმა და კვლავ მართალი იქნება. ვინც კონტრაბანდული თამბაქოს შეძენის შესაძლებლობას მოკლებულია, ის უფილტრო სიგარეტზე გადავიდა. ამ ვარაუდს სტატისტიკა ამყარებს. თუ 2015 წელს აქციზური მარკა 25.6 მილიონ კოლოფ უფილტრო სიგარეტზე გაიცა, უკვე 2017 წელს ამ რიცხვმა 79 მილიონ კოლოფს მიაღწია. 2018 წელს კი უფილტრო სიგარეტზე გაცემული მარკების ოცპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

თამბაქოს მრავალჯერადად გაძვირებით შეჭირვებულ მწეველებს ქვა აღმართში დაეწიათ, აბა, სხვა რა უნდა თქვა კაცმა, როცა 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის სამჯერ გაზრდის პარალელურად, უფილტრო სიგარეტის აქციზური განაკვეთი ფილტრიანისას გაუტოლდა და კოლოფზე 1.70 ლარი გახდა. მანამდე კი უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადი 60 თეთრი იყო. ლოგიკურია, რომ უკვე უფილტრო სიგარეტიც გაძვირდა. ამას ის მოჰყვა, რომ მწეველთა ნაწილი სიგარეტიდან გასახვევ თამბაქოზე გადავიდა, რაც გაცილებით იაფია. საინტერესოა, რამდენით შემცირდა სიგარეტის რეალიზაცია და რამდენით გაიზარდა გასახვევი თამბაქოს მოხმარება? სამწუხაროდ, ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

დიდი პრემიერის მოლოდინში, ანუ პოლიტიკური დასის ხიბლი და სიღარიბე...

ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, როცა მთავრობის ეკონომიკურ ანალიზს მოკლებულმა რეგულაციებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ქვეყანაში ლეგალურ ბაზრებს და გაზარდა კონტრაბანდის წილი, მოსახლეობა გადაიყვანა დაბალხარისხიან პროდუქტზე.

ხელისუფლება კი მწეველთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას განაგრძობს. „შემდეგი ნაბიჯი იქნება თუთუნის გაძვირება!“ − ეს სიტყვები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ იაფი და ხელმისაწვდომი თამბაქო არ უნდა იყოს. მისი განცხადებით, ფასის ზრდა მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანებმა ან ნაკლები მოწიონ, ან თავი დაანებონ. თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა ფასის ზრდაა. რეგულაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა და გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

ამასობაში ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ „აკაკი ზოიძე კლავს საქართველოს ეკონომიკას“ და იქვე იძლევა მისეულ პასუხს კითხვაზე – რა მოგვიტანა თამბაქოს გაძვირებამ.   

ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

პაატა ბაირახტარი: „თამბაქოზე აქციზის ზრდა 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ის მცირედით პერმანენტულად იზრდებოდა. მნიშვნელოვანი ზრდა 2017 წელს დაფიქსირდა. მთავრობა „ორი კურდღლის“ ერთად დაჭერას შეეცადა. კერძოდ, აქციზის კოლოსალური ზრდით ცდილობდნენ თამბაქოს მოხმარება შეემცირებინათ, რაც, თავის მხრივ, უტოპიაა, ხოლო მეორე მხრივ აქციზის გაზრდით ბიუჯეტში დამატებით შემოსავალს ელოდნენ, რითიც ბიუჯეტში ხუთასმილიონიანი დეფიციტი უნდა დაებალანსებინათ. ეს დეფიციტი კი გადასახადების „ესტონური მოდელის“ შემოღებამ წარმოქმნა. როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, იდეის ავტორებს „ორივე კურდღელი“ ხელიდან დაუსხლტათ. მთავრობამ აქციზის ზრდით ბიუჯეტში დაგეგმილზე გაცილებით ნაკლები შემოსავალი მიიღო. კერძოდ, თუ 2016 წლის შვიდ თვეში თამბაქოს იმპორტიდან მიღებულმა აქციზის შემოსავალმა 494 მილიონ ლარს მიაღწია, მომდევნო წლის ანალოგიურ პერიოდში ეს რიცხვი 322 მილიონ ლარს არ აღემატებოდა. რაც შეეხება თამბაქოს მოხმარების შემცირებას, არც ეს გამოვიდა, რადგან მომხმარებელი ფილტრიანი სიგარეტიდან ადგილობრივ უფილტრო სიგარეტზე გადავიდა...“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეგულაციებმა ფისკალურ ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, მაგრამ წყალი ადგილობრივი წარმოების წისქვილზე დაასხა, რადგან მომხმარებელი გადავიდა უფილტრო სიგარეტზე, რომლის უდიდესი ნაწილი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე იწარმოებოდა. მხოლოდ 2017 წელს ადგილობრივ ბაზარზე ნაწარმოებმა უფილტრო სიგარეტმა 73 მილიონ კოლოფს გადააჭარბა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი წარმოების ასეთი განვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან „ჯანმრთელობისთვის მებრძოლების“ ახალი რეგულაციით ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა. შედეგად: ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად გაკოტრებისთვის გაიწირა.

იძულებითი ნაბიჯი თუ გარიგება?!... ანუ ბანკირის თეთრი ალამი...

პაატა ბაირახტარი: „რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მწეველთა რაოდენობის შესამცირებლად ესოდენ დიდი ეკონომიკური მსხვერპლიც არ აღმოჩნდა საკმარისი. მეტიც, მოსახლეობა კიდევ უფრო დაბალხარისხიან პროდუქტზე, გასახვევ თამბაქოზე გადავიდა. ხოლო პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე აკაკი ზოიძე ამ პრობლემის გადაჭრასაც უცვლელი ფორმით, გადასახადების გაზრდით ცდილობს. რამდენად შეამცირებს ეს ინიციატივა მწეველთა რაოდენობას, რთული სათქმელია, თუმცა კი ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკურ რისკებს, რომლისკენაც ეს ინიციატივა მიგვაქანებს. კერძოდ, საუბარია კონტრაბანდულ რისკზე, რომელიც ბოლო წლებში ისედაც მნიშვნელოვნად გაზრდილია...“  

ერთი სიტყვით, ვითარება რთულია – სიგარეტი გაძვირდა, მაღალი ალბათობით, წელს თუ არა, მომავალ წელს თუთუნიც გაძვირდება, მწეველთა რაოდენობა კი უმნიშვნელოდ მცირდება და, სავარაუდოდ, თამბაქოს მოხმარებაზე მასიურად უარის თქმის იმედი არც მომავალში უნდა გვქონდეს. მთავარია, გამოსავლის პოვნის უნარი არ დავკარგოთ...