საქართველოს პარლამენტში უმცირესობა აღარ არსებობს

დეპუტატების ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლის შედეგად საპარლამენტო უმრავლესობაში 108 ადამიანი დარჩა
Sputnik

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა, განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნება" დატოვა >>

იურიდიული კომიტეტი განხეთქილების ვაშლი, ანუ რა ხდება „ქართული ოცნებაში"?

რეგლამენტის თანახმად, თუ დეპუტატების რაოდენობა უმრავლესობისა და უმცირესობის მიღმა უმცირესობის წევრთა რაოდენობას აღემატება, საპარლამენტო უმცირესობა წყვეტს არსებობას.

დღეისათვის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის გარდა პარლამენტში 21 დეპუტატია. მათი რიცხვი მატულობს, რადგან ბოლო დროს უმრავლესობის რიგები რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.

„უმცირესობის შესაქმნელად საჭიროა 21 წევრის გაერთიანება. „ევროპულ საქართველოში“ 20 წევრია, რაც ნიშნავს, რომ მათ უმცირესობის სტატუსი დაკარგეს. პარლამენტში დღეს უმცირესობა აღარ არსებობს“, - განაცხადა პირველი არხის ეთერში კახიანმა.

პარლამენტში დაიშალა ასევე უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“. საქართველოს ყოფილმა შს მინისტრმა, დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა ორშაბათს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ფრაქციას ტოვებდა. იგი საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.

ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება

სამმა „სოციალ-დემოკრატმა“ - სულხან მახათაძემ, რომან მუჩაიშვილმა და რუსლან პოღოსიანმა თავიანთი ფრაქციის დაშლის შემდეგ უმრავლესობაში დარჩენა გადაწყვიტეს.

კიდევ ორი დეპუტატი „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციიდან - გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური ოპოზიციურ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში“ გადავიდნენ. შერწყმის შედეგად ოპოზიციურ ფრაქციას სახელი შეეცვლება და „პატრიოტთა ალიანსი - სოციალ-დემოკრატები“ დაერქმევა.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის ბიუროს აცნობეს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ დატოვა დავით ჭიჭინაძემ, რომელიც ადრე უმრავლესობის წევრი იყო.

დეპუტატების „მიგრაციის“ გათვალისწინებით, ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 108 დეპუტატი რჩება.

„პატრიოტთა ალიანსი“ იშლება - დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია დატოვა >>

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში მას შემდეგ დაკარგა, რაც საპარლამენტო ფრაქციიდან წასვლის შესახებ განაცხადეს დეპუტატებმა: ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა. დეპუტატებმა ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა მათ ინიციატივას საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერების შესახებ.