დღეს შენდობის კვირაა: თბილისში სტუდენტები მსვლელობას გამართავენ

სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაემართებიან სამების ტაძრისკენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მათ დალოცავს
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. შენდობის კვირას საქართველოს 30 უნივერსიტეტის სტუდენტი შეიკრიბება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილი მეორე დალოცავს, ნათქვამია „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს >>

სტუდენტები მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბებიან და სამების ტაძრამდე მსვლელობას მოაწყობენ.

ილია მეორე: ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ჩვენი უარყოფითი მხარეები

მსვლელობის ინიციატორია  „საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია“, რომელმაც 5 მარტს მოაწყო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობებისა და რექტორების შეხვედრა ილია მეორესთან.

დღეს განსაკუთრებული დღეა. მას შენდობის დღე ეწოდება და წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება. საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. 

შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

შენდობის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება. წელს აღდგომის დღესასწაული 28 აპრილს არის.