ITB Berlin 2019: საქართველოში ახალგაზრდულ ტურიზმს განავითარებენ

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აგრეთვე CNN-ის, BBC-ის, National Geographic-ის, Expedia-ს და სხვას გავლენიანი მედიასაშულებების და ონლაინ პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ბერლინის 53-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ( ITB Berlin 2019) ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Euronews-ის ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს სამთო ტურიზმის განვითარების კომპანია და თბილისის მერია. გამოფენა 6 მარტს გაიხსნა და 10 მარტს დაიხურება.

Welcome to Georgia: საქართველო ბერლინში ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

ფორუმს ევროპის, აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების მინისტრები, ასევე ტურიზმისა და ავიაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ეკოტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ავიარეისების რაოდენობის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

„Euronews-ის ეგიდით დღეს გაიმართა შეხვედრები მინისტერიალის ფარგლებში, სადაც როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება მოგვეცა ერთმანეთთან გაგვეცვალა ინფორმაცია თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული განვითარება, დამატებითი ავიახაზების შემოყვანა, პირდაპირი რეისების არსებობა ტურიზმის სექტორის წინსვლისთვის“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აგრეთვე CNN-ის, BBC-ის, National Geographic-ის, Expedia-ს და სხვას გავლენიანი მედიასაშულებების და ონლაინ პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა.

ბიზნესი და დასვენება: საქართველოს ზაფხულში უცხოელი მინისტრები ეწვევიან

შეხვედრაზე განიხილებოდა ის სამომავლო აქტივობები, რომელიც სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით უნდა განხორციელდეს. ასევე საუბარი იყო საქართველოში ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებაზე.

„ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. ასევე დღეს ჩვენ შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, რომელიც მუშაობს ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ 5 დღიან ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება არის წარმოდგენილი.

ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენა-ბაზრობაზე 186 ქვეყნიდან 10 ათასი კომპანია არის წარმოდგენილი. გამოფენას დაახლოებით 170 ათასი სტუმარი ჰყავს.

ITB Berlin-ზე წარმოდგენილია ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტი — ტურიზმის საერთაშორისო ფედერაციები, ნაციონალური და რეგიონული ტურისტული ორგანიზაციები, ტურისტული და სატრანსპორტო სააგენტოები და ტუროპერატორები, სასტუმროები, სადაზღვევო კომპანიები და სხვ.