თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სკანდალური წერილის საქმეში შს მინისტრ გიორგი გახარიასა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შორის შუამავლის როლი ბანკირის პარტნიორმა და ბანკის საქმის ფიგურანტმა ბადრი ჯაფარიძემ შეასრულა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2 საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ხაზარაძემ ღიად დაადანაშაულა გახარია მუქარებში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართა. მან სკანდალური განცხადება გააკეთა ორშაბათს, TBC Bank-ის გარშემო მომხდარი მოვლენების თაობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.
მას შემდეგ, რაც საქმის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო, ხაზარაძეს „გახარიას წერილის“ წარმოდგენა სთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა და განაცხადა, რომ ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. მან გამომძიებლებს მხოლოდ ასლი გადასცა. ტექსტიდან გამომდინარე, ხაზარაძისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვდნენ, რომ მისთვის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევანში მიუღებელია და სხვა ბიზნესმენებისთვის გაერთიანებისკენ და ერთიანი მოქმედებებისკენ მოეწოდებინა.
მსგავსი განცხადება ხაზარაძემ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მართლაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა რევანშის დრო არ არის.
ტელეარხ Rustavi 2-ის ვერსიით, ხაზარაძეს წერილი ჯაფარიძემ გადასცა, მაგრამ მან საიდან მიიღო ის, გაუგებარი რჩება.
ახალი სკანდალი TBC Bank-ის ირგვლივ - დაწერა თუ არა გახარიამ მუქარის წერილი >>
ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ვერსიით, ჯაფარიძეს წერილი პირადად გახარიამ თავის კაბინეტში გადასცა, მეორე წყაროს ვერსიით - ავტოფარეხში.
თავად ჯაფარიძე ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
ხაზარაძე ამტკიცებს, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და როგორც კი ის დასრულდება, პროკურატურა მას მიიღებს. თავად შს მინისტრი გახარია ბანკირის განცხადებებს ჭორები უწოდა.
ТВС-ს საქმე
ТBC Bank-ი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა.
ხაზარაძე და TBC Bank-ში მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე 17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეში ფიგურირებენ. ის, რომ პროკურატურა სწავლობდა 2008 წელს ჩატარებულ ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას, მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. თებერვლის შუა რიცხვებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება ჩამოართვა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მათი გარიცხვისკენ მოუწოდა, რასაც საფუძვლად დაუდო 2007-2008 წლების ტრანზაქციებთან დაკავშირებული დარღვევები.
„თიბისი ბანკის“ საქმემ ქვეყნის პოლიტიკურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ საჭიროა, ყველა გამოძიების შედეგებს დაელოდოს.
„თიბისი ბანკი“ 1992 წელს დაფუძნდა და ამჟამად ქვეყნის უმსხვილესი ბანკია. TBC Bank Group PLC ლონდონში 2017 წელს შეიქმნა და მისმა აქციებმა ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტის ლისტინგი გაიარეს.
„თიბისი ბანკის“ მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბანკის აქტივებმა 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 15 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების საერთო მოცულობის 38,2%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები ქვეყნის საბანკო სისტემის საბანკო კრედიტების საერთო მოცულობის 38,8%-ს და დეპოზიტების საერთო მოცულობის 41,2%-ს შეადგენს.