თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისში ერთ–ერთი ნაგავსაყრელიდან პარკში გახვეული ლეკვები ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეკვები გადარჩნენ.
როგორც ცხოველთა დამცველები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ძალადობის გამო კანონი მკაცრდება, სასტიკი მოპყრობის ფაქტები მკვეთრად გაზრდილია.
„ამას აქვს მასიური ხასიათი, როგორც რაიონებში, ისე თბილისში. ის, რომ წყალში ახრჩობენ და უპატრონოდ ტყეში ყრიან, ამის მასშტაბები არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ისიც, რომ ნაგვის კონტეინერებში ყრიან თავწაკრული ტომრებით ლეკვებს და კნუტებს, ესეც საკმაოდ დიდი და ხშირი შემთხვევებია. თვითონ ეს კანონიც არ არის გამკაცრებული, აბსოლუტურად არ არის გააზრებული“, - აცხადებს ცხოველთა დამცველი.
ცხოველებზე ძალადობის მუხლით ამ დრომდე სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი („ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“) ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
თბილისში არაერთხელ გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ კანონის გამკაცრება მოითხოვეს.