სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: ერთ-ერთი მოზარდი საავადმყოფოში რჩება

თბილისის ცენტრში მომხდარი გარჩევის დროს დაშავებულ არასრულწლოვანს ნაწლავის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში დაშავებულ მოზარდს ოპერაცია ჩაუტარდა და ის საავადმყოფოში რჩება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის: დაჭრილია სამი ადამიანი >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე 2 მარტს მოზარდებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც ერთ–ერთმა მოზარდმა სამ არასრულწლოვანს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მოზარდი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ერთ-ერთ მოზარდს ჭრილობა მუცლის ღრუში აქვს მიყენებული და მას ნაწლავის აღდგენის ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას აგრძელებს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

დანარჩენი დაშავებული მოზარდები კლინიკიდან გაწერეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ძალადობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.