ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ჩინეთის გუნდთან წააგეს

მესამე ტურში საქართველოს ნაკრები აშშ-ის გუნდს დაუპირისპირდება.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასტანაში მიმდინარე მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა ჩინეთის გუნდთან ანგარიშით 1,5:2,5 დაასრულა.

ნინო ბაციაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა და მერი არაბიძემ საკუთარი ორთაბრძოლები ყაიმით დაასრულეს. შეხვედრის ბედი პირველ დაფასთან გადაწყდა, სადაც ბელა ხოტენაშვილმა პარტია ტან ჟონგუისთან წააგო.

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ასტანაში ასპარეზობა ყაიმით დაიწყეს

ორი გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ მოჭადრაკეებს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავიათ. ლიდერ პოზიციას კი ჩინეთის და რუსეთის გუნდები იკავებენ, რომლებმაც ორივე დღე გამარჯვებით დაასრულეს. სპეციალისტების აზრით, სწორედ ეს გუნდები იქნებიან გამარჯვების პრეტენდენტები.

ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 14 მარტამდე გასტანს, ტურნირში ქალთა და მამაკაცთა ათ-ათი გუნდი ასპარეზობს.

მამაკაცთა შორის მსოფლიო პირველობის მოქმედი გამარჯვებული ჩინეთის ნაკრებია, ქალთა შორის კი რუსეთის გუნდი.

გასულ წელს საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.