ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში პოლიციელია ეჭვმიტანილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ავტომობილის გატაცებასა და ინკასატორების დაყაჩაღებაშია ეჭვმიტანილი.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ზუგდიდში Liberty Bank-ის („ლიბერთი ბანკი") ინკასატორებზე თავდასხმის საქმეზე ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელი აღმოჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ბრალდებულები ინკასაციის მანქანას 2 მარტს დაესხნენ თავს. ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მათ ერთ-ერთი ინკასატორი დაჭრეს, გაიტაცეს 100 ათასი ლარი, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

„ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული ორი პირიდან ერთი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. 1964 წელს დაბადებული ო.ხ. არის ომის ვეტერანი, ის სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან არის დასაქმებული", – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილი, რომლითაც დამნაშავეები მიიმალნენ, მოპარული იყო. ინკასატორებზე თავდასხმამდე ისინი ნიღბებითა და იარაღით ხელში თავს დაესხნენ სოფელ ონარეთის (ზუგდიდის რაიონი) ელექტროსადგურის მცველებს, გაიტაცეს მათი პირადი ნივთები და ავტომობილი.

ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს

გატაცებული ავტომობილი ერთ-ერთ სოფელში დატოვეს.

იმ სახლის ჩხრეკისას, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, პოლიციამ ამოიღო ბანკიდან გატაცებული ფული, „კალაშნიკოვის“ სისტემის ორი ავტომატი და Girsan-ის მარკის ორი პისტოლეტი, რომლებიც მათ ინკასატორებს წაართვეს, ასევე ნიღბები.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „ყაჩაღობა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა", „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების ან გამოძალვის მიზნით", „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება", „ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.