თბილისი, 6 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში რამდენიმე ინიციატივაზე, მათ შორის, ქართველოლოგიისა და, ზოგადად, კავკასიოლოგიის კვლევითი ცენტრის შექმნაზე ისაუბრა.
როგორ დავიპყროთ უცხოური ბაზრები – ზურაბიშვილმა რამდენიმე მიმართულება დაასახელა >>
ეს იყო ზურაბიშვილის პირველი გამოსვლა პარლამენტში პრეზიდენტის რანგში.
„წლების განმავლობაში ჩვენთან არსებობდა ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების მთავარი ცენტრი. აქ ჩამოდიოდნენ ქართველოლოგიის პროფესიის დაუფლების მსურველები; აქ ვზრდიდით ჩვენს უძლიერეს მეცნიერებს. ეს არის დარგი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტი ვერ ეყოლება. ეს ადგილი უნდა დავიბრუნოთ... ენათმეცნიერებისა და ქართველოლოგიის გარდა, ეს ცენტრი უნდა აწარმოებდეს ინტერდისციპლინარულ კვლევებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ. ეს საშუალებას მოგვცემს, მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონის შესახებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი სახელმწიფო ნებისა და მხარდაჭერის გარეშე ასეთი ცენტრი ვერ იარსებებს საქართველოში.
მან აღნიშნა ასევე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს არქეოლოგების მიერ თანამედროვე საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე უძველესი ისტორიული ოლქის შესწავლას.
„კოლხეთი, რომელიც უძველესი დროიდან გვაკავშირებს ევროპასთან, ევროპაში ჩვენი ერთგვარი სავიზიტო ბარათი შეიძლება იყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
„პატრონაჟის სახით მხარდაჭერა გამოვუცხადე ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციას, რომელიც ქუთაისში ძველი კოლხეთის კულტურის კვლევას ისახავს მიზნად. ასევე, გერმანულ მხარეს შევთავაზე ჩვენთან გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის ფილიალის დაფუძნება, რაც ხელს შეუწყობს „ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის“ კვლევას და შემდეგ – იუნესკოში ნომინაციის წარდგენას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ორმაგი მოქალაქეობა: საქართველოს პრეზიდენტი პროცედურის გამარტივების მომხრეა >>
როგორც მან აღნიშნა, ისეთი მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არქეოლოგის პროფესია უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს.
„იმ დროს, როცა ბევრი არქეოლოგიური კერა ომებისა და ნგრევის შედეგად მსოფლიოში მიუწვდომელი გახდა, საქართველოს თავისი უნიკალური როლის დამკვიდრება შეუძლია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს არც ტურიზმის სფერო დაუტოვებია უყურადღებოდ. მან პარლამენტის წევრებს ქუთაისის ყოფილი პარლამენტის შენობის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საკონფერენციო დარბაზად გადაკეთება შესთავაზა.
„ეს იქნება ყველაზე სწორი გზა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. ქუთაისის ინფრასტრუქტურა – აეროპორტი, რკინიგზა და ავტობანი აკმაყოფილებს ასეთი ცენტრისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას. წყალტუბოს სასტუმროთა ქსელი კი ბუნებრივად მიუერთდება ამ ახალ კომპლექსს და საინვესტიციო მიმზიდველობასაც შეიძენს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ინიციატივა დიასპორასთან ურთიერთობის გამყარებაა.
„აუცილებლად მიმაჩნია, რომ დიასპორას პარლამენტში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი. ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროპის ყველა ქვეყანაში, სადაც დიასპორა მრავალრიცხოვანია. უნდა ვიმსჯელოთ ამ გამოცდილების გაზიარებაზე“, - განაცხადა მან.
ახალი ინიციატივა: ქართული ტოლერანტობა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში >>
პრეზიდენტმა საზოგადოებაში შერიგების პროცესის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რათა ირგვლივ არ იყოს ამდენი სიძულვილი და დეზინფორმაცია. ცოტა ხნით ადრე იგი გამოვიდა ისეთი კანონის მიღების ინიციატივით, რომელიც მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ცილისწამებასა და შეურაცხყოფას აკრძალავდა.
„ჩვენს ქვეყანაში, და არა მხოლოდ ჩვენთან, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო. ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილურ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს, – დეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი და უკანასკნელი არჩეული პრეზიდენტია.