ბათუმის ბულვარსა და პარკში ელექტროტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალება

ბულვარის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბათუმის ბულვარზე, პარკსა და სკვერში მოტოციკლით, კვადროციკლით და ელექტრომობილით გადაადგილება იკრძალება, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულოს დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. განკარგულება ძალაში 1 მაისიდან შედის.

ცვლილების ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა, რომელმაც ბათუმის საკრებულოს წერილობით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ბულვარის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება ბულვარზე უსაფრთხოდ გადაადგილებას შეუწყობს ხელს, რადგანაც ტურისტულ სეზონზე ბათუმის ბულვარზე ელექტროტრანსპორტით გადაადგილების შედეგად არაერთი მოქალაქე დაშავდა.

ბათუმის ძველ ბულვარში სახაშეები აღარ დარჩება

„ეს შემთხვევები იმდენად მომრავლდა, კონტროლს ვერ ავუდივართ. ძირითადად, საფრთხეში არიან ბავშვები. იყო სერიოზული დაზიანების, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიში ტრავმის მიღების შემთხვევებიც", – განაცხადა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯინჭარაძემ.

მისი თქმით, შესაბამისი განკარგულების ამოქმედებამდე ყველა იმ მოიჯარესთან გაფორმებულ ხელშეკრულებას გასდის ვადა, რომლებიც ბულვარში მოტოციკლებს, კვადროციკლებს და ელექტრომობილებს ტურისტებზე აქირავებდნენ.

ბათუმის ბულვარის შიდა პერიმეტრზე ველოსიპედით და ელექტრომობილით მოძრაობა ისედაც აკრძალულია. ახალი რეგულაციით კი  შეზღუდვების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ის მთელ ზღვისპირა პარკს მოიცავს.

ბულვარის ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისა და ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბოლო 4 წლის განმავლობაში სამართალდამცველებმა გამოძიება 51 ფაქტზე დაიწყეს.

პროექტის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხება შსს-ს დაცვის პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და ბათუმის ბულვარის კუთვნილ მოძრავ საშუალებებს.