ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, არც ჩვენს გმირს ნათელა გოგოლაძეს, რომელიც თავის ვაჟთან, დავით ქურდიანთან დუეტის შემდეგ პოპულარული გახდა.
თავს დატეხილი სიყვარული – დედასთან ჩაწერილმა დუეტმა ორ დღეში 200 000 ნახვა დაიმსახურა >>დედის დღეს ნათელამ „Sputnik-საქართველოს“ დედობრივი ბედნიერების და შვილების აღზრდის საიდუმლო გაუმხილა.
როგორ აღვზარდოთ ბედნიერი შვილები?
ჩვენს სახლში ყოველთვის სუფევდა და სუფევს სიყვარული, იუმორის შესანიშნავი გრძნობა და სტუმართმოყვარეობა. ჩვენს ოჯახს ძალიან უყვარს სტუმრების მიღება, მეგობრები და ნათესავები. ეს ურთიერთობა და სასიამოვნო ემოციებია. ძალიან გვიყვარს მხიარული კომპანიები, თუმცაღა ბუნებით მშვიდი ადამიანები ვართ. ცხოვრებაში არავისთვის არასდროს არ გვინდოდა ცუდი. ახლობლების წარმატება და სიკეთე გვახარებს, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. ყველაფერში წესრიგი მიყვარს და ამას ჩემს შვილებს ვასწავლიდი. ვეუბნებოდი: „თუ გინდა, რომ შენს ირგვლივ ყოველთვის იყოს წესრიგი, ჯერ ის შენს თავში და სახლში დაამყარე“. მე მგონია, ეს ბედნიერებისკენ ყველაზე მარტივი გზაა.
როდესაც დედა ხდები
დავითის დედა შორეულ 1983 წელს გავხდი. მაშინ 30 წლის ვიყავი და უკვე 5 წლის ქალიშვილი მყავდა. მე მეუბნებოდნენ, რომ კიდევ ერთი მშვენიერი გოგონა მეყოლებოდა. ექოსკოპისტთან ვიზიტი? მაშინ ასეთი რამ არ არსებობდა. უბრალოდ მორიგ სასწაულს ველოდი. და როდესაც დაიბადა ბიჭი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ვანათებდი ბედნიერებისგან. დავითი ბავშვობაში, როგორც ყველა ბიჭი, ხულიგანი იყო. მაგრამ ყოველთვის იყო ჭკვიანი და ძალიან ლამაზი - თეთრი სახის, დიდი ცისფერი თვალებით. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ასეთი ბიჭის დედობა - უფლის საჩუქარია.
როდესაც დედას უჭირს
დედობა - დედამიწაზე ყველაზე რთული პროფესია და უდიდესი შრომაა. როდესაც დავითი 14 წლის გახდა, პერიტონიტისგან მამამისი გარდაიცვალა. ის ჩვენთან 30 წელი აღარ არის. ახლა, როდესაც იმ წლებს ვიხსენებ, ვხვდები, როგორ მიჭირდა - ბავშვებთან მარტო დავრჩი. ახალგაზრდობაში „გუნდის დირიჟორის“ სპეციალობას დავეუფლე. გათხოვებამდე ცოტა ხნით მოვასწარი სკოლაში სპეციალობით მუშაობა. მერე კი 25 წლის უბრალო ლაგოდეხელი გოგონა შემამჩნია ჩემმა მომავალმა სვანმა მეუღლემ. როდესაც ოჯახი შევქმენით, მუშაობა ვერ შევძელი, ბავშვები უნდა გამეზარდა, ოჯახში საქმე იყო. რა თქმა უნდა გვიჭირდა, საშინელი წლები იყო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ბიჭს ყოველთვის ვეუბნებოდი: „ისწავლე! და ყველაფერს გავუმკლავდებით“. უფლის წყალობით, დავითმა სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. მაგრამ დედა შვილის გამო ყოველთვის ნერვიულობს. იყო ძალიან რთული პერიოდი, განსაკუთრებით სანამ დავითი 20 წლის გახდებოდა. სამსახურებს იცვლიდა, უკეთესს ეძებდა, საკუთარ თავს ეძებდა. მერე კი ცოტა ამოვისუნთქეთ.
უფასოდ მუზეუმში: დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქალებს საჩუქარი ელოდებათ >>
ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს დედამ
დავითი ყველაფერში ნიჭიერი იყო: ხატვაში, მუსიკაში. შესანიშნავად მღერის, ძალიან გემრიელად ამზადებს, კარგად ერკვევა პოლიტიკაში და სხვა სფეროებში. ყველანაირად დადებითი ადამიანია. და ვხვდები, რომ ამაში ჩემი დამსახურებაა. ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს დედამ თავისი შვილისთვის - ის ადამიანად უნდა აღზარდოს. თქვენ დამისვამთ შეკითხვას: რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? არაფერი განსაკუთრებული - უბრალოდ თქვენს შვილს კარგი მაგალითი აჩვენეთ.
დავითი: დედ-მამისგან ყველაფერს კარგს ვხედავდი. ისინი ყოველდღიურად ახერხებდნენ სახლში ჰარმონიის შენარჩუნებას და სიკეთის შემოტანას. ბავშვი ასე თუ ისე ყველაფერში მშობლებს ბაძავს. მშობლები - ურთიერთობის, სიყვარულისა და ზოგადად ცხოვრების ეტალონია. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც კარგ ოჯახებში იზრდებიან ცუდი შვილები ან პირიქით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახი ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, მისი შეგნების, ხასიათისა და განწყობის ჩამოყალიბებაზე.
როდესაც დედა - იდეალია
დავითი: დედა ჩემთვის იდეალია. შეიძლება გაგიკვირდებათ, მაგრამ დედის სიყვარულს უსასრულობას ვადარებ. აგიხსნით რატომ: როდესაც გვერდში გყავთ დედა და როდესაც შენ მის გვერდით ხარ - დაბერება შეუძლებელია. შენ გაიზრდები, მაგრამ შენში მუდამ არის სითბო და ნათელი, და თავს ახალგაზრდულად და ძლიერად გრძნობ. რამდენი წლის არ უნდა იყო, დედისთვის ყოველთვის ბავშვი ხარ. და ეს დიდი ბედნიერებაა. ამის არ უნდა შეგრცხვეს, ეს უნდა დააფასო.
დედა-შვილის დუეტი
ნათელა: როდესაც დავითმა დაიწყო სიმღერა და თავისი სიმღერების ვიდეო-ჩანაწერების ატვირთვა ინტერნეტში, ის პოპულარული გახდა. მე კი ძალიან მიხაროდა. მესიამოვნა, როდესაც მთხოვა მასთან ერთად დუეტში მემღერა. ასე ჩავწერეთ ორი დუეტი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. ახლა ჩემი შვილი კიდევ ერთი სიმღერის ჩაწერას აპირებს. საერთოდ ძალიან მუსიკალური ოჯახი გვაქვს: ყველა ჩემი წინაპარი და ახლობელი მღეროდა და ჩვენც არ დაგვირღვევია ეს ტრადიცია. მუსიკა ჩვენთვის თერაპიაა. მას მოაქვს სიხარული, სიმსუბუქე, ის გვაერთიანებს. როდესაც ვმღერით, უფრო კეთილშობილები ვხდებით - უბრალოდ ბედნიერები ვართ.
ყოველი დილა იწყება...
დავით: ჩვენი ყოველი დილა იწყება დედას შეკითხვით: „ცოლს როდის მოიყვან?“ მე კი ისედაც კარგად ვარ, მშვიდად და კომფორტულად. ზედმეტი ტვირთისა და თავის ტკივილის გარეშე. რა თქმა უნდა, გავა დღეები, კვირები, თვეები და შევხვდები იმ გოგონას, რომელიც ჩემი ცოლი გახდება. წინასწარ არავინ არაფერი იცის. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს. ახლა მეუღლე და მამა რომ ვყოფილიყავი, იქნებ არც მემღერა და დედასთან ერთად ასეთი შესანიშნავი დუეტები არ ჩამეწერა. თანაც, მე და დედას ბევრი რამ საერთო გვაქვს: მე 24 ოქტომბერს დავიბადე, ის - 22 რიცხვში. თუ ვკამათობთ, სულ რაღაც სისულელეებზე და წვრილმანებზე ვკამათობთ. მაგალითად, ეს აქ რატომ დევს და არა იქ. ან იმაზე მეჩხუბება, რომ ბევრს ვეწევი, მე კი მას - უსასრულო სერიალების გამო. სერიალების საკითხში დედაჩემი - პროფესიონალია.
ნათელა: დიახ, მიყვარს სერიალები. როდესაც ვუყურებ სერიალებს, ვისვენებ. ახლახან სადღაც წავიკითხე, რომ სერიალების ყურება სასარგებლოც კი არის. შენ ვითარდები, იმაღლებ შენს ცნობისმოყვარეობას, ბევრ რამეს სწავლობ მსოფლიოს შესახებ. ჩემი ბიჭი ეშმაკობს, მასაც უყვარს სერიალები. მაგრამ ის სამეცნიერო ფანტასტიკის ფანია, რომელიც თანამედროვე ეფექტებით და ტექნოლოგიებით არის გადაღებული. მაგრამ ჩემთვის ეს ზღაპარია, მამაკაცებს კი უყვართ ზღაპრები.
რაზე ოცნებობს შვილი?
დავით: მე ვოცნებობ ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ისე, როგორც მე მინდა და რომ ამაში ხელს არავინ მიშლიდეს. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო და ყველაფერი, რაზეც ვოცნებობ, ასი პროცენტით რეალობად იქცევა.
რაზე ოცნებობს დედა?
ნათელა: ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ვყოფილიყავი ბედნიერი და ჩემი შვილები მენახა ბედნიერები. მადლობა უფალს, რომ ასეც არის. დავითი ჩემთან არის, ის ბედნიერია იმით, რასაც აკეთებს. მეც ვიღებ ამაში მონაწილეობას, რაც თავის თავად ძალიან მახარებს. ახლა 65 წლის ვარ. ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა მაჩუქა შვილიშვილები და შვილთაშვილებიც. ყოველ დღე ვლოცულობ ჯანმრთელობაზე - ჩემი, შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების. და ახლა ჩემთან რომ მოფრინდეს ფერია, როგორც ეს ზღაპრებში ხდება, და მითხრას: „ნათელა, ჩაიფიქრე სურვილი და შეგისრულებ!“ - წავიდოდი პარიზში, რომ ბოლოს და ბოლოს ვნახო ეიფელის კოშკი. ახალგაზრდობაში სულ ვოცნებობდი მენახა პარიზი. მაგრამ ახლაც არ არის გვიან. მით უმეტესს, ფერიას ჩემთვის ვიზის გაკეთება აღარ მოუწევს. ასე რომ, რატომაც არა?!